“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ღაზაში მდებარე ნასერის საავადმყოფოში დარჩენილი პაციენტების ევაკუირებას გეგმავს” – „როიტერი“

20
spot_img

გაერო-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ღაზაში მდებარე ნასერის საავადმყოფოში დარჩენილი პაციენტების ევაკუირებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ამჟამად საავადმყოფოში დაახლოებით 140 პაციენტი იმყოფება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პარტნიორებმა მანამდე პაციენტების ევაკუირება ხან იუნისში მდებარე საავადმყოფოდან განახორციელეს და ისინი ღაზის სამხრეთ ნაწილში გადაიყვანეს.

მედიის ცნობით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან დღემდე ანკლავის 34 საავადმოყოფოდან მხოლოდ 13 ფუნქციონირებს.

ისრაელში აცხადებენ, რომ „ჰამასი“ საავადმყოფოებს ფარად იყენებს. „ჰამასი“ კი ამ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ეს ჯანდაცვის სისტემის განადგურების საბაბია.