“ივანიშვილი ვერ იტანს ქურდობას, ღარიბაშვილი იმიტომ „მოაძრო“, რომ თავისი „კასირი“ გაუჩნდა” – მიხეილ სააკაშვილი

68
spot_img

ივანიშვილი ვერ იტანს ქურდობას, ღარიბაშვილი იმიტომ „მოაძრო“, რომ თავისი „კასირი“ გაუჩნდა – ივანიშვილი თვლის, რომ მას პარავენ, რადგან ბიუჯეტის ფული მისია და ის ანაწილებს კონვერტებით და თუ გვერდზე შემოსავალი გაიჩინე, ამის გამო შეიძლება გაგაგდოს, მთავარია რომ ეს მანკიერი სისტემა დარჩეს და ყველამ იცოდეს, რომ ივანიშვილის ხელი აჭმევს და ამ ხელს არ უნდა უკბინოს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის ბრალის თაობაზე მის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ყველაფერი გამოსწორდება და 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე ხმა უნდა მისცენ იმედს.

„დღეს როგორ ხდება ფულის განაწილება – ძირითადი ფული იკრიბება მთავარ ქურდთან, შემდეგ ის კონვერტებში ანაწილებს. ამას ჰქვია თეთრი კონვერტების დღე, როდესაც ნაწილდება სხვადასხვა ორგანოებს შორის, მათ შორის არიან მინისტრები, პარლამენტარები. ივანიშვილი ვერ იტანს ქურდობას. ღარიბაშვილი „მოაძრო“ იმიტომ, რომ აღმოჩნდა, რომ ღარიბაშვილს თავისი „კასირი“ გაუჩნდა. ივანიშვილი თვლის, რომ მას პარავენ, რადგან ბიუჯეტის ფული მისია და ის ანაწილებს კონვერტებით და თუ გვერდზე შემოსავალი გაიჩინე, ამის გამო შეიძლება გაგაგდოს. მთავარია რომ ეს მანკიერი სისტემა დარჩეს და ყველამ იცოდეს, რომ ეს ხელი, ივანიშვილის ხელი აჭმევს და ამ ხელს არ უნდა უკბინოს. მე ასე არ ვაკეთებდი, პირიქით – ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ამათ ფული არ ეკეთებინათ. მე ყველაფერს ვაკეთებდი, რომ პირადი მაგალითი მიმეცა იმისა, რომ მე არ ვაკეთებ ფულს და თქვენც არ გაგაკეთებინებთ. ყოველთვის არ გამოვიდა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში გამოვიდა. ამიტომ ჩვენი თითქმის არცერთი ყოფილი თანამდებობის პირი არ არის არათუ მილიონერი, არამედ არაა მდიდარი, ძალიან უჭირს ბევრს. ბევრი ამერიკაში მუშაობდა სატვირთო მანქანის მძღოლად, მტვირთავად. ეს ხალხი მინახავს. უბედურება და ტრაგედია დატრიალდა ჩვენს თავს. ყველაფერი გამოსწორდება. 26 ოქტომბერს ჩვენ ვაძლევთ ხმას ჩვენს იმედს, ხმას ვაძლევთ იმას, რომ საქართველოს და თითოეულ ქართულ ოჯახს იმედი დაუბრუნდება და იმას, რომ ყველა ერთად რაღაც ახალს, დიდს და განსაკუთრებულს ვქმნით. მე არ მქონდა არცერთი წუთი სხვა რაღაცაზე ფიქრის, ყველაფერი დანარჩენი იყო მეასე პლანზე. დიდი საქართველოს, განსაკუთრებული, მბრწყინავი საქართველოს პროექტი, რომელსაც მთელი მსოფლიო შენატრის – ასეთი იყო საქართველო, მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი და ეს დაბრუნდება“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.