იურიდიული თავდასხმები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ უნდა შეწყდეს – რას წერს უცხოური პრესა

50
spot_img

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) ექვსი ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „იურიდიული თავდასხმები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ უნდა შეწყდეს: ამერიკაში კანონის უზენაესობის პრინციპი ირღვევა“ (ავტორი – ნიუტ გინგრიჩი, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი და მისი 50-ე ექს-სპიკერი).


გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:


თუ დონალდ ტრამპი ამჟამინდელ სასამართლოებს გადაიტანს და 2025 წლიდან ისევ პრეზიდენტობას გააგრძელებს, მან კანონის უზენაესობის აღდგენას და ამ პრინციპის კონსტიტუციურ განმტკიცებას მთავარი ყურადღება უნდა დაუთმოს.


რასაკვირველია, ალბათ, დონალდ ტრამპის უპირველესი სურვილი შურისძიება იქნება – თუ გავითვალისწინებთ გამოძიების ფედერალური ბიუროსა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უსინდისო დამოკიდებულებას, აგრეთვე პროკურორის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას იუსტიციის სამინისტროსა და ჯორჯიისა და ნიუ-იორკის შტატების პროკურორების მხრიდან.


მაგრამ თუ რესპუბლიკელები დემოკრატი მოსამართლეებისა და პროკურორების დასჯას დაიწყებენ, ამით მხოლოდ დამანგრეველი ციკლი გაგრძელდება. ამერიკა საფრთხის წინაშე დადგება.


ამერიკის მამები თავის დროზე მწვავედ აცნობიერებდნენ ამ საფრთხეს. იმდროინდელი ბრიტანელი მოსამართლეები ბრიტანეთის მეფის აგენტებს წარმოადგენდნენ – იმის ნაცვლად, რომ მათ კანონი და სამართალი დაეცვათ, ისინი მეფე გეორგ მესამის ბრძანებებს ასრულებდნენ. აქედან გამომდინარე, სასამართლოს რეფორმის განხორციელება, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ამერიკელი რევოლუციონერების მეორე მთავარ მიზანს წარმოადგენდა.


რევოლუციის გამარჯვების შემდეგ, როცა კონსტიტუცია იქნა მიღებული, ზოგიერთებმა ჩათვალეს, რომ მასში მთავრობის მოქმედებისაგან მოქალაქეთა დაცვის გარანტიები საკმარისი არ იყო. ისინი ითხოვდნენ სპეციალური „უფლებების ბილის“ მიღებას, რომელშიც ჩამოთვლილი იქნებოდა მოქალაქეთა ყველა უფლებები და მთავრობის მოქმედების შეზღუდვები. იფიქრეთ ამ შეზღუდვებზე და ყურადღება მიაქციეთ ჯო ბაიდენის მთავრობის მოქმედებას, თუ როგორ ცდილობენ დემოკრატი ჩინოვნიკები და აშშ-ის სამართლებრივი სისტემის წარმომადგენლები დონალდ ტრამპის განადგურებას.


ყურადღება გაამახვილეთ იმ ფაქტზეც, „უფლებების ბილის“ ათი შესწორებიდან ხუთი კონკრეტულად მოსამართლეთა უფლებამოსილების შეზღუდვას ეხება. მათგან ბევრი რამ არის დარღვეული დონალდ ტრამპის მიმართ.


მეოთხე შესწორება მოქალაქეებს უსაფუძვლო ჩხრეკებისა და ნივთების ამოღებისაგან იცავს და ითხოვს, რომ ორდერი მტკიცე საფუძველზე იქნას გაცემული. გავიხსენოთ, რომ არჩევნებში თითქოსდა რუსების ჩარევის შესახებ მთელი საგამოძიებო მოქმედება გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ გაცემული ორდერებით იყო უკანონოდ ინსპირირებული.


მეექვსე შესწორების თანახმად, აშშ-ის მოქალაქეებს უფლება აქვთ სწრაფად იქნეს განხილული საქმე მიუკერძოებელი ნაფიც მსაჯულთა მიერ. დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ამას წინანდელი ფიქტიური ბრალდების შემთხვევაში საოლქო პროკურორმა ელვინ ბრეგმა ისეთი ბრალდება წაუყენა ექს-პრეზიდენტს, რომელსაც ვადა ჰქონდა გასული. ნუთუ ეს არის სწრაფი განხილვა? გარდა ამისა, ნაფიცი მსაჯულები სასამართლოს სხდომის დროს მიუკერძოებლები არ იყვნენ. მათი სუბიექტური დამოკიდებულება აშკარად ჩანდა. იმავე მეექვსე შესწორების ძალით, მოქალაქეებს უფლება აქვთ მოწმის ჩვენება თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ. მოსამართლე კი დონალდ ტრამპის ადვოკატებს რეგულარულად უკრძალავდა იმ მოწმეეების გამოძახებას, რომლებიც ჩვენებას მის სასარგებლოდ მისცემდნენ.


მერვე შესწორება მოსამართლეებს უკრძალავს, რომ მოქალაქეებს „გადაჭარბებული“ მოცულობის ჯარიმების გადახდა დააკისრონ. გავიხსენოთ დონალდ ტრამპის მიერ გირაოდ წინასწარ შეტანილი 454 მილიონი დოლარი, რომელიც არასწორად არის გამოთვლილი და არ ასახავდა მის ჭეშმარიტ ქონებრივ მდგომარეობას. მართალია, მოგვიანებით, ადვოკატების მრავალგზისი მოთხოვნით, თანხა შემცირდა, მაგრამ თვითონ ფაქტი იმაზე მეტყველებს, თუ რა გულგრილად ექცევიან მმართველი წრეები ადამიანთა უფლებების დაცვას.


დონალდ ტრამპმა, როცა იგი პრეზიდენტი გახდება, უნდა დაადასტუროს რომ „უფლებების ბილი“ ყველა ამერიკელს იცავს, მისი ქონებრივი მდგომარეობის განურჩევლად. პრეზიდენტმა უნდა გამოიძიოს კანონის უზენაესობის ყველა დარღვევა ყოველი მოქალაქის მიმართ და სამართლიანობა უნდა აღადგინოს. პრეზიდენტმა უნდა გამოაქვეყნოს ყველა დოკუმენტი და ცნობა, რომელიც ეხება ე.წ. „შეთქმულებებს“, დაწყებული 2015 წლიდან, რომლებიც გამოყენებული იყო დონალდ ტრამპის – როგორც ჯერ პრეზიდენტობის კანდიდატისა და შემდეგ როგორც პრეზიდენტის – წინააღმდეგ, მისი განადგურების მიზნით.


დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს უნდა შესთავაზოს თანამშრომლობა სასამართლო სისტემის რეფორმირებაში, რომ სამომავლოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება აღარ იქნეს დაშვებული.


დონალდ ტრამპმა უნდა გადახედოს მთელ ამერიკულ სამართლებრივ სისტემას, [გააუქმოს, რაც გასაუქმებელია], არ არის გამორიცხული გამოძიების ფედერალური ბიუროს დემონტაჟის განხორციელებაც. უნდა დადგინდეს გამჭვირვალობისა და ანგარიშგების ახალი სტანდარტები მთლიანად იუსტიციის სამინისტროსათვის.


დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას მისი მიზანი უნდა იყოს კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციის ურყეობის პრინციპის ჭეშმარიტი განმტკიცება და არა კანონებით სარგებლობა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ [როგორც ამას ჯო ბაიდენი აკეთებს].
ამ პირობებზე იქნება დამოკიდებული, გადარჩება თუ არა ამერიკა. ეს უნდა გახდეს ამერიკის მომდევნო პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოქმედების საკვანძო პრინციპი.


წყარო