ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1300-ს აჭარბებს

155
spot_img

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1300-ს აჭარბებს. დაშავებულთა რაოდენობა კი 3400-ს აღემატება. დაღუპულთა შორის უცხოეთის ათობით მოქალაქეცაა.

ღაზის სექტორში ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობაც გაიზარდა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავიაციო იერიშებს 1500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 6600-ზე მეტი კი დაშავდა.

„ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორში 6 ათასამდე ავიაბომბი ჩააგდო. ინფორმაციას ისრაელის არმიის ოფიციალური წარმომადგენელი, კონტრადმირალი დანიელ ჰაგარი ავრცელებს. მისივე თქმით, ავიადარტყმების შედეგად განადგურებულია 3600-მდე სამიზნე, ჰამასის სამეთაურო და საკონტროლო პუნქტები და სტრატეგიული ინფრასტრუქტურა. ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ასობით მებრძოლი.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.