“ისრაელის სამხედრო ოპერაცია “ჰამასის” წინააღმდეგ, ღაზას სექტორში- სცენარები და სიძნელეები”-BBC

260
spot_img

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია “ბი-ბი-სი” (BBC) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას სათაურით „ისრაელის სამხედრო ოპერაცია „ჰამასის“ წინააღმდეგ, ღაზას სექტორში: სცენარები და სიძნელეები“ (ავტორები – ფრენკ გარდნერი და ილია აბიშევი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ისრაელის არმია აცხადებს, რომ მზად არის ღაზას სექტორში შესაჭრელად და „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფების გასანადგურებლად. ისრაელი უკვე მუდმივად ბომბავს ღაზას და გამოცხადებული აქვს ბლოკადა – მოსახლეობას არ მიეწოდება გაზი, ელექტროენერგია, საკვები პროდუქტები.

ისრაელის თავდაცვის არმიის („ცახალის“) შენაერთები უკვე იმ საზღვართან არიან თავმოყრილნი, რომელიც, როგორც ცნობილია, „ჰამასის“ დაჯგუფებამ 7 ოქტომბერს გაარღვია, ისრაელში შეიჭრა, 1000-ზე მეტი ებრაელი დახოცა, მძევლად აიყვანა ისრაელის 150-ზე მეტი მოქალაქე და ღაზას სექტორში წაიყვანა.
შეიჭრება თუ არა ისრაელის არმია ღაზაში, ეს დროის საქმეა. შეიძლება ეს მოხდეს ამ დღეებში, ან ერთი კვირის შემდეგ. ყველა შემთხვევაში, თუ არმია შეიჭრება, ბრძოლები საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება და, აი რატომ:

რას წარმოადგენს ღაზას სექტორი

რუკას თუ დავხედავთ, ღაზას სექტორი პალესტინელი არაბებით დასახლებულ ანკლავს წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე. ფართობი – 363 კვადრატული მეტრია, მოსახლეობა – 2,2 მილიონი ადამიანი. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ღაზას სექტორი ისრაელისგან სასაზღვრო ღობით (კედლით) არის გამოყოფილი. იგივეა ეგვიპტესთანაც. სექტორის ტერიტორიაზე, ღაზას გარდა, კიდევ 5 პატარა ქალაქი მდებარეობს. არის მცირეოდენი სახნავ-სათესი მიწები და საძოვრებიც.

1948-1967 წლებში ღაზას ეგვიპტე მართავდა, ხოლო 1967 წლიდან, ექვსდღიანი ომის შემდეგ, 2005 წლამდე – ისრაელის კონტროლქვეშ იყო. 1993 წელს, ოსლოში ისრაელსა და „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციას“ შორის ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, ისრაელმა ღაზას სექტორიდან თავისი ჯარი გაიყვანა და ტერიტორია პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას გადასცა, რომელსაც არაოფიციალურად ნაწილობრივ აღიარებულ „პალესტინის სახელმწიფოს“ უწოდებენ.

„ჰამასი“ – ღაზას სექტორის ბატონ-პატრონი

ამჟამად ღაზას სექტორში ფაქტობრივად ყველაფერს „ჰამასის“ დაჯგუფება წყვეტს, რომელსაც მხარს უჭერს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული აშშ-ის დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის და რიგი სახელმწიფოების მიერ. „ჰამასის“ შემადგენლობაში შედის თავის სიმართლეში ფანატიკურად დარწმუნებული 40 ათასამდე მებრძოლი. დამატებით 10 ათასი მებრძოლი ჰყავს კიდევ ერთ დაჯგუფებას – „ისლამურ ჯიჰადს“. „ჰამასის“ შეიარაღება ასეთია: ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, მათ აქვთ ქვემეხები, ნაღმმტყორცნები, კომპაქტური ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, აგრეთვე სარაკეტო-გამშვები დანადგარები რაკეტების მნიშვნელოვანი მარაგით, რომლებსაც ნაწილობრივ ღაზაში არსებულ სახელოსნოებში თვითონვე ამზადებენ.

ღაზას სექტორში ძალიან ბევრი მიწისქვეშა კომუნიკაციაა, თვითონ ქალაქ ღაზას ქვეშ, შეიძლება ითქვას, მეორე ქალაქი არსებობს მრავალრიცხოვანი გვირაბებით, ბუნკერებით, საწყობებით, სახელოსნოებით და ა.შ.

„ძალიან რთული ამოცანა“

2005 წლიდან, როცა ღაზას სექტორიდან ისრაელის ჯარი გავიდა, „ჰამასის“ წინააღმდეგ „ცახალმა“ რამდენიმე სამხედრო ოპერაცია განახორციელა – მინიმუმ რვაჯერ მაინც. სულ ბოლოს – 2023 წლის მაისში. ეს იყო ისრაელის პასუხები „ჰამასის“ სარაკეტო სროლებზე. თუმცა „ცახალის“ ოპერაციები შეზღუდული იყო და სწრაფად მთავრდებოდა. ხანმოკლედ, მაგრამ მშვიდობა მაინც მყარდებოდა ხოლმე.

ამჟამინდელი სიტუაცია წარსულისაგან კარდინალურად განსხვავდება. იმდენი მოქალაქის მსხვერპლი, რამდენიც ისრაელმა 7-8 ოქტომბერს დაკარგა, არ მომხდარა არაბულ-ებრაულ ომების დროიდან, ამიტომაც ძნელი არ არის ისრაელის მოსახლეობის რისხვის გაგება.

„ჰამასის“ თავდასხმას ბევრი ებრაელი ისრაელის სახელმწიფოს არსებობის მუქარად აღიქვამს.
საქმე ეხება ღაზას სექტორის ტერიტორიის მთლიან გაკონტროლებას და „ჰამასის“, უპირველესად კი მისი რადიკალური სამხედრო ფრთის განადგურებას. ეს ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენს. ისრაელს საფრთხე ემუქრება ჩრდილოეთიდანაც – ლიბანის ტერიტორიიდანაც, სადაც „ჰამასის“ მსგავსი ორგანიზაცია – „ჰეზბოლაა“ გაბატონებული.

საფრთხეა მოსალოდნელი სირიის მხრიდანაც… მოკლედ, ებრაელებს ირგვლივ ბევრი არაკეთილმოსურნე და მტერი ჰყავს. რა თქმა უნდა, ისრაელს მდიდარი საომარი გამოცდილება აქვს, ადრეც ბევრჯერ უბრძოლია რამდენიმე ფრონტზე, გაუმარჯვია კიდეც, მაგრამ ღაზას სექტორი სპეციფიკურია. საკითხი ასე დგას: რას გააკეთებს და რას უზამს სექტორს ისრაელის არმია.

პირველი სცენარი: ტრადიციული…

ღაზას სექტორს, ისრაელის ავიაცია და სარაკეტო ქვედანაყოფები ინტენსიურად უკვე ბომბავს, მაგრამ სახმელეთო ოპერაციას, არმია, ალბათ, ისევე როგორ ადრე აკეთებდა ხოლმე, ძლიერი საარტილერიო მომზადებით დაიწყებს: პირველ რიგში ისევ დაიბომბება სამხედრო ობიექტები, მართვისა და კავშირგაბმულობის ცენტრები, საწყობები და ა.შ. ამის შემდეგ ღაზაში შეიჭრებიან ჯავშანსატანკო ნაწილები და ქვეითთა ქვედანაყოფები, რომლებიც, ჰაერიდან დახმარებით, დაიწყებენ „ჰამასის“ ცოცხალი ძალის განადგურებას. გამოყენებული იქნება რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, კავშირის ჩახშობის მიზნით.

ღაზას სექტორში მდებარე გვირაბების შესასვლელები დაიბლოკება ან ნადგურდება. ფინალურ სტადიაზე ისრაელის სპეცდანიშნულების რაზმები „ჰამასის“ მიმალულ მებრძოლებს და მათ მეთაურებს ან ადგილზე გაანადგურებენ, ან ტყვედ აიყვანენ.

მაგრამ ეს მხოლოდ თეორიულად, პრაქტიკულად კი… ღაზას გაკონტროლება ძალიან ძნელ ამოცანას წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, „ჰამასს“ არ სძინავს და ისიც გეგმებს ადგენს, ითვალისწინებს ისრაელის მოსალოდნელი დარტყმის სიმძიმეს და ზომებს იღებს.

ღაზას სექტორის ირგვლივ ადგილი ღიაა, ვაკეა და უბრალო დრონებითაც შეიძლება საჰაერო დაზვერვა და ისრაელის საჯარისო შენაერთების თავმოყრის ადგილის გაგება. შესაბამისად, სახმელეთო ოპერაციის დაწყების მოულოდნელობის ფაქტორი „ჰამასისათვის“ მეტ-ნაკლებად გამორიცხული იქნება.
ისრაელის არმია იოლად გადალახავს დანაღმულ ველებს (მას შესაბამისი ტექნიკა ბევრი აქვს), პალესტინელთა გამაგრებულ ზღუდეებს და ქალაქ ღაზას მიადგება. აი, აქ უკვე პრობლემები გაჩნდება: აქვს თუ არა ისრაელის არმიას მჭიდროდ დასახლებულ ქალაქის ქუჩებში ბრძოლის გამოცდილება, როცა მოწინააღმდეგე ყოველი შენობიდან ისვრის? ეს კითხვა რიტორიკულია.

ქალაქის ბრძოლებში უფრო მაღალ ეფექტურობას ავლენენ მსუბუქად შეიარაღებული პატარ-პატარა ჯგუფები – როგორც თავდამსხმელების, ასევე თავდამცველების მხრიდან.
თავდამცველმა მხარემ, ცხადია, უკეთესად იცის ადგილმდებარეობა, იცის თუ სად აქვს დამალული იარაღი, მას აქვს მოსახლეობის მხარდაჭერაც, რომელთა გამოყენება, უკიდურეს შემთხვევაში, „ცოცხალი ფარის“ სახითაც შეიძლება.

თავდამსხმელი მხარე კი იძულებულია უფრო მეტად საკუთარი საბრძოლო ტექნიკის იმედად იყოს, რომელიც, ქალაქის ვიწრო ქუჩებში მოწყვლადი ხდება. „ცახალისათვის“ ყველაზე დიდი პრობლემა, ალბათ, გვირაბები იქნება: პალესტინელი ინჟინრების ძალისხმევის წყალობით გვირაბები ისეთი პრიმიტიულები აღარ არიან, როგორებიც წლების წინ იყო. ამჟამად ღაზას ქვეშ, როგორც ზემოთ აღინიშნა, მთელი მიწისქვეშა ქალაქია – დერეფნების რთული სისტემა, რომელთა ამოსასვლელები ძნელად შესამჩნევია – მაგალითად, ამოსასვლელი შეიძლება იყოს რომელიღაც არაბი მარტოხელა მოხუცი ბებიის სახლი.
დიდი ალბათობით, სწორედ მიწისქვეშ არსებულ სათავსოებში ჰყავს დამწყვდეული „ჰამასს“ 7 ოქტომბერს გატაცებული მძევლები, ანუ მათი გათავისუფლება უკიდურესად რთულ ამოცანას წარმოადგენს.

მეორე სცენარი – ბლოკადა

ღაზას სექტორი, პრინციპში, უკვე ბლოკირებულია – არ მიეწოდება გაზი, ელექტროენერგია, საწვავი… ბლოკადა ლოგიკური სვლაა, მაგრამ პროგნოზირებადი. „ჰამასმა“, სავარაუდოდ, ეს გაითვალისწინა და ამიტომ მას საკმაო რაოდენობით ექნება მომარაგებული საწვავიც და დიზელგენერატორებიც, რასაც ვერ ვიტყვით მოსახლეობაზე. საბოლოო ჯამში, ხანგრძლივ ბლოკადას მოსახლეობისათვის მძიმე შედეგების გამოწვევა შეუძლია – ცივილიზაციისაგან დახურულ ქალაქში შეიძლება ეპიდემია და შიმშილობა დაიწყოს.

ამის გამო საჭირო გახდება ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა, საფილტრაციო ბანაკების მოწყობა, ლტოლვილებისათვის ადგილის გამონახვა, რაც ისრაელისთვის ზედმეტი თავსატეხი იქნება. ღაზას სექტორის ორმილიონიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული კრიზისით ისეთი პრობლემები გაჩნდება, რომელსაც ისრაელი საკუთარი ძალებით ვერ გადაწყვეტს და ამიტომ რაც მოხდება, ყველაფერი მას დაბრალდება..
თანაც ბლოკადის დროს ისრაელს მაინც მოუწევს სამხედრო ოპერაციის განხორციელება: გულუბრყვილობა იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ „ჰამასელებს“ მოშივდებათ, მოსწყურდებათ, გვირაბებიდან ხელაწეულები ამოვლენ და „ცახალის“ ჯარისკაცებს ჩაბარდებიან.

არჩევანი ცუდს და უარესს შორის

სწორედ ასეთი არჩევანის წინაშე აღმოჩნდა ისრაელი. „ჰამასის“ რადიკალური ფრთა, დღეს ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ერთი მხრივ, გასაგებია, რომ მისი მეთაურების ფიზიკური განადგურება ისრაელს არაბულ სამყაროსთან პრობლემებს გაუმრავლებს, მაგრამ მეორე მხრივ, ისრაელს სხვა გზა არ აქვს – 7 ოქტომბრის ტრაგედია ქვეყნის მთავრობას, გადაუდებელი ზომების მიღებისაკენ აიძულებს.

თავისი მასშტაბებით ისრაელის არმიის მოსალოდნელი ოპერაცია შეიძლება 2015 წელს ერაყში მომხდარ ბრძოლას შევადაროთ – როცა ქალაქი მოსული „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს ჰქონდათ ხელში ჩაგდებული. ორმილიონიანი ქალაქისათვის ბრძოლა 9 თვე გრძელდებოდა, დაიღუპა ათი ათასობით ადამიანი, მილიონი კი ლტოლვილად იქცა.

სუფთა სამხედრო თვალსაზრისით, სახმელეთო ოპერაციის შედეგად ისრაელს შეუძლია გაანადგუროს „ჰამასის“ მეთაურთა უმრავლესობა და მოკლევადიან წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ თუ არ იქნება შეთანხმება მტკიცე მშვიდობაზე, „ჰამასი“ ალბათ, აღორძინდება, მის რიგებს განრისხებული და რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდები შეავსებენ.

წყარო