ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მოკლულია

20
spot_img

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი ადასტურებს, რომ „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მოკლულია.

მინისტრის თქმით, იაჰია სინვარი ისრაელელმა სამხედროებმა დღეს მოკლეს. როგორც კაცმა აღნიშნა, მისი მკვლელობა არის ისრაელისთვის დიდი სამხედრო და მორალური მიღწევა.

„მასობრივი მკვლელობების ჩამდენი იაჰია სინვარი, რომელიც პასუხისმგებელია 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტასა და სისასტიკეებზე, დღეს ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროებმა მოკლეს. ეს არის ისრაელისთვის დიდი სამხედრო, მორალური მიღწევა და მთელი თავისუფალი მსოფლიოს გამარჯვება რადიკალური ისლამის ბოროტების ღერძზე, რომელსაც ირანი ხელმძღვანელობს“, – ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

ისრაელ კაცის თქმით, სინვარის მკვლელობა ქმნის მძევლების დაბრუნების შესაძლებლობას და „ჰამასისა“ და ირანის კონტროლისგან თავისუფალი ღაზის შექმნას.

ცნობისთვის, იაჰია სინვარი დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერად გამოცხადდა თეირანში მისი წინამორბედის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ. მანამდე ის იყო ღაზის სექტორში დაჯგუფება „ჰამასის“ ხელმძღვანელი. სინვარი ისრაელის მიერ ძებნილთა სიაში პირველ ადგილზე იყო. ქვეყნის სპეცსამსახურები მიიჩნევდნენ, რომ სწორედ ის იყო ისრაელის დასახლებებზე 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის დაგეგმვისა და აღსრულების ორგანიზატორი. სინვარი სამხრეთ ღაზაში, ხან იუნისის ლტოლვილთა ბანაკში 1962 წელს დაიბადა. მან ცხოვრების დიდი წილი ისრაელის ციხეში გაატარა. 1988 წელს მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. იაჰია სინვარი იყო იმ 1027 პალესტინელ პატიმარს შორის, რომლებიც ისრაელმა „ჰამასის“ მიერ ტყვედ აყვანილ ისრაელელ სამხედროზე, გილად შალიტზე 2011 წელს გაცვალა.