“ისრაელიდან ფრენები არის, მაქსიმალურად ვცდილობთ, ვისაც საქართველოში დაბრუნება სურს, ბილეთები შეუფერხებლად შეიძინონ “

101
spot_img

სპეცრეისების საჭიროება დგება იმ შემთხვევაში, თუ ორ ქვეყანას შორის ფრენები არ არის, ჩვენ კი ყოველდღიურად გვაქვს 4-5 ფრენა, რომელსაც სხვადასხვა ავიაკომპანია ასრულებს – ამ ფრენებით ისარგებლა დაახლოებით, 3 ათასამდე ადამიანმა, რომლებიც ისრაელიდან საქართველოში ჩამოფრინდნენ,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ხომ არ არის საჭირო რომ ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად სპეცრეისები დაინიშნოს.

მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ისრაელში მყოფ მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზეა და მათ როგორც ადგილზე პრობლემის მოგვარებაში, ისე ავიაკომპანიებთან კომუნიკაციაში.

“ჩვენთვის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ჩვენს საელჩოს რამდენიმე ცხელი ხაზი აქვს გახსნილი. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს მოქალაქეებთან. არიან განსაკუთრებული ჯგუფები, მაგალითად, ბავშვები, რომლებიც სამკურნალოდ იყვნენ ისრაელში ჩასულები და ჩვენ მათ მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს, რათა დროულად მოხდეს ან სხვა ლოკაციაზე გადაყვანა, ან საქართველოში დაბრუნება. ამის კარგი პრეცედენტები უკვე გვაქვს. ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების საჭიროებების ადგილზე იდენტიფიცირებას. ვეხმარებით ავიაკომპანიებთან კომუნიკაციაში. დღეს, მაგალითად, 4 ფრენაა დაგეგმილი და სწორედ ამ კომერციული ფრენებით სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები. მესმის, რომ შეიძლება ერთდროულად ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყოს ერთ კონკრეტულ ფრენაზე ბილეთის შეძენა, მაგრამ ფრენები არის. ჩვენ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენს მოქალაქეებსა და ავიაკომპანიებს შორის ბარიერები არ იყოს და მოქალაქეებმა შეუფერხებლად შეიძინონ ბილეთები. ვაგრძელებთ კომუნიკაციას და საჭიროების შემთხვევაში, სასტუმროებითაც უზრუნველვყოფთ ჩვენს მოქალაქეებს თუ გამოუვალ მდგომარეობაში არიან. ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას და დარწმუნებული ვარ, ყველა მოქალაქე, ვისაც საქართველოში დაბრუნება უნდა, შეძლებს და დაბრუნდება სამშობლოში”,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, რომ ისრაელში ოჯახთან ერთად მყოფი ზოგიერთი მოქალაქე ფინანსური შესაძლებლობის გამო ბილეთებს ვერ ყიდულობს, დარჩიაშვილი ამბობს, რომ მოქალაქეების მხრიდან თხოვნა ძირითადად იმას ეხება, რომ ბილეთები კონკრეტულ, სასურველ რეისზე შეიძინონ.

“ძირითადი თხოვნა, რაც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან შემოდის ისაა, რომ მათ კონკრეტულ ფრენაზე სჭირდებათ ბილეთების შეძენა. არის კომუნიკაციების ბარიერები ავიაკომპანიებთან და ვეხმარებით იმაში, რომ პირველი: პრობლემები ადგილზე გადავუწყვიტოთ; მეორე: დავეხმაროთ ავიაკომპანიებთან კომუნიკაციაში და მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ. ახლო კომუნიკაცია გვაქვს მოქალაქეებთან და ვეცდებით, თითოეულ მოქალაქეს შევუწყოთ ხელი რომ სამშობლოში დაბრუნდნენ”,- განაცხადა დარჩიაშვილმა.