ისლანდიის პრემიერი გაიფიცა

106
spot_img

ისლანდიაში, ათობით ათასმა ქალმა, მათ შორის ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კატრინ იაკობსდოტირმა, 24 ოქტომბერს მუშაობაზე უარი განაცხადეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, „კვენაფრი“, იგივე ქალთა დასვენების დღე ქვეყანაში შრომის ანაზღაურებაში დაფიქსირებული გენდერული უთანასწორობის გამო გამოცხადდა. გაფიცვის გამო განსაკუთრებით დაზარალდება სფეროები, რომლებშიც ქალები სამუშაო ძალის უმეტესობას შეადგენენ – მაგალითად, ჯანდაცვა და განათლება. ასევე, აქტივიცისტები ქალებს მოუწოდებენ დღეს არც სახლის საქმეები გააკეთონ.

დღევანდელი გაფიცვა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რაც 1975 წლიდან პირველად მოხდება. მაშინ ისლანდიაში ქალები გაიფიცნენ, რათა დაემტკიცებინათ ქალების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამან პარლამენტს უბიძგა მომავალ წელს მიეღო კანონი შრომის თანასწორი ანაზღაურების შესახებ.

„დღეს მე არ ვიმუშავებ, ისევე როგორც ყველა ქალი ჩემს მინისტრთა კაბინეტში“, – განაცხადა ისლანდიის პრემიერმა და დასძინა, რომ მთავრობა სწავლობს იმას თუ როგორ ფასდება ქალთა მიერ დომინირებული პროფესიები ტრადიციულად კაცთა მიერ დომინირებულ პროფესიებთან შედარებით.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ისლანდიას უკვე 14 წელია აღიარებს ყველაზე კარგ ქვეყნად გენდერული თანასწორობის სფეროში.