„ისლამური სახელმწიფოს“ დანაყოფს, რომელმაც „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, საფრანგეთის ტერიტორიაზე ტერაქტის მოწყობის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა”

42
spot_img

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ დანაყოფ „ვილაიათ ხორასანს“, რომელმაც „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, საფრანგეთის ტერიტორიაზე ტერაქტის მოწყობის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა.

„ბოლო თვეებში ამ ჯგუფმა ჩვენს ტერიტორიაზე ტერაქტის მოწყობა რამდენჯერმე სცადა“, – აღნიშნა მაკრონმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია არც მცდელობების რაოდენობა და არც ის, თუ როდის და სად იგეგმებოდა ტერაქტები.

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი რუსეთს ტერორიზმთან ბრძოლაში „გაფართოებულ თანამშრომლობას“ შესთავაზებს. კითხვაზე, ისაუბრებს თუ არა ის პირადად ვლადიმირ პუტინთან, მაკრონმა თქვა, რომ პირველ ეტაპზე კონტაქტები „ტექნიკურ და მინისტრების დონეზე“ დამყარდება.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. გარდაიცვალა 137 ადამიანი. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაშავებულია 180-ზე მეტი ადამიანი,

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, ტერაქტის საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის ოთხივე ტერორისტი. სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.