“ირაკლი კობახიძის ინტელექტი პატივისცემას იმსახურებს, ეს მისი ძლიერი მხარეა, პრემიერობა არ გამკვირვებია”

23
spot_img

ირაკლი კობახიძის ინტელექტი პატივისცემას იმსახურებს, ეს მისი ძლიერი მხარეა, პრემიერობა არ გამკვირვებია, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ხვიჩიას თქმით, კობახიძე ყველაზე ადეკვატურად ახორციელებდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკას.

„ალბათ, ირაკლი კობახიძე ყველაზე მეტად მზად არის ასეთი სახის ჩანაცვლებისთვის. ყველასთვის გასაგებია, რომ ირაკლი კობახიძე წარმოადგენს უმრავლესობის ლიდერს და მომწონდა თუ – არა, ყველაზე ადეკვატურად ახორციელებდა იმ პოლიტიკას, რაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა. მისი პრემიერობა არ გამკვირვებია. ვერ გეტყვით, საარჩევნოდ როგორი იქნება ირაკლი კობახიძე, ეს არც მისი ძლიერი მხარე არ არის, რომ ელექტოლარულად მიმზიდველი იყოს. ამ თვალსაზრისით, პრობლემური იყო ღარიბაშვილიც და არის კობახიძეც. ირაკლი კობახიძის ძლიერი მხარეა, რომ სულელი ნამდვილად არ არის, მისი ინტელექტი პატივისცემას იმსახურებს. სუსტი მხარეა, რომ მას ადამიანური ურთიერთობების დალაგება არ შეუძლია. ბიძინა ივანიშვილის ძლიერი მხარეა ამომრჩეველი, რითაც სარგებლობს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. მისივე თქმით, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს. ამასთან, გუშინ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.