ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა გაიმართა

49
spot_img

პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე დემოგრაფიული განვითარების ძირითადი მიზნები განიხილეს. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებულ ინიციატივებზე. ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა პროგრამების შემუშავებასა და დანერგვაზე, ასევე უკვე არსებული პროგრამების დახვეწასთან დაკავშირებით. განიხილეს დასაქმების ხელშეწყობისა და მიგრაციის საკითხები, ასევე იმსჯელეს ჯანდაცვის, სოციალური სფეროსა და განათლების მიმართულებით არსებულ ინიციატივებზე.

როგორც საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, უმოკლეს ვადაში მომზადდება პაკეტი, რომელიც წარმოდგენილი იქნება მომდევნო სხდომაზე განსახილველად.

„საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა დღეს. წარმოდგენილი იქნა ის ძირითადი ტენდენციები, რაც აღინიშნება დემოგრაფიული კუთხით და ასევე ინიციატივები, რაც უკვე მიმდინარეობს ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური მიმართულებით. ვიმსჯელეთ საჭირო გაუმჯობესებებზე, საერთაშორისო პრაქტიკაზე და იმ აუცილებელ ცვლილებებზე, რაც ხელს შეუწყობს დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებას მომავალში. შედგა შეთანხმება, რომ უმოკლეს ვადაში მომზადდეს პაკეტი, რომელიც წარმოდგენილი იქნება მომდევნო სხდომაზე განსახილველად“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ირაკლი აფხაიძე ესწრებოდნენ.