საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს – ჯეიკ სალივანს შეხვდა.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხების ფართო სპექტრი მიმოიხილეს და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა გლობალური გამოწვევების ფონზე ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯეიკ სალივანმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს დასახული მიზნის მისაღწევად.
შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩის დროულად ჩამოსვლის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება ახალ ელჩად რობინ დანიგანის დანიშვნას, რომელთანაც საქართველოს მთავრობა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერების მიზნით აქტიურ და მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს.