ირაკლი ღარიბაშვილი დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

94
spot_img

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ლარს ლოკე რასმუსენს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენს დანიის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად დგამს.

დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი დანიის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ენერგეტიკის, თავდაცვის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში. განიხილეს, თუ რა მიმართულებებით არის შესაძლებელი საქართველოსა და დანიას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.

ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების მნიშვნელობას. აქვე, ხაზი გაესვა საქართველოს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს.

შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა თბილისში დანიის საელჩოს გახსნის მნიშვნელობას.

შეხვედრას დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივი სახელმწიფო მდივანი იეპე ტრენჰოლმ-მიკელსენი, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის სპეციალური მრჩეველი კარენ კლემენტი, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი ჰენრიკ ვინსერი, დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანე ტოფტ სორენსენი, ხოლო საქართველოს მხრიდან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე ესწრებოდნენ.