ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით შანტაჟი „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა – შალვა პაპუაშვილი

11
spot_img

ეს რა თქმა უნდა, არ არის ერთი ადამიანის თავში დაბადებული იდეა, რომ შეეგროვებინა ფარულად სხვისი ინტიმური ცხოვრების ამსახველი კადრები. აქ ცალსახად დგას მიზანი, აშანტაჟონ ადამიანები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ფარული ჩანაწერების შეგროვება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა და ახლა, რადგან ხელისუფლებაში არ არიან, კერძო ინიციატივით აგროვებენ პირადი ცხოვრების ამსახველ ფაილებს.

„როცა ვსაუბრობთ ოპოზიციაზე, ჩვენ ვსაუბრობთ „ნაციონალურ მოძრაობაზე“. ეს სწორედ მათი სტილია, რაც ჩვენ ვნახეთ. ფარული ჩანაწერები, ინტიმური ცხოვრების ამსახველი, რომელიც, როგორც ჩანს, შემდეგ გამოიყენებოდა შანტაჟისთვის. ეს ზუსტად არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, რომელიც მათ 2012 წლამდე ჰქონდათ, როდესაც მთელი ბაზა ჰქონდათ შექმნილი ვიდეოფაილებისა, რითაც შემდეგ აშანტაჟებდნენ ადამიანებს. ვინაიდან ახლა ხელისუფლებაში არ არიან, მათი საცეცები ახლა უკვე კერძო ინიციატივით აგროვებენ ასეთ ფაილებს.

მნიშვნელოვანია, რომ შს სამინისტრომ შეისწავლოს ვინ დგას ამის უკან დამკვეთების სახით. ეს რა თქმა უნდა, არ არის კერძო, ერთი ადამიანის თავში დაბადებული იდეა, რომ შეეგროვებინა ფარულად სხვისი ინტიმური ცხოვრების ამსახველი კადრები. აქ ცალსახად დგას მიზანი, რომელიც სპეცსამსახურების სტილშია, იმისთვის, რომ აშანტაჟონ ადამიანები. ითქვა კიდეც, რომ როგორც ჩანს, ცნობადი სახეებიც არიან ამ შანტაჟის ობიექტები და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ამ დანაშაულის ყველა დეტალი გაირკვეს. განსაკუთრებით ამაზრზენი სახით არის ეს დანაშაული ჩადენილი, როგორც ჩანს, როდესაც ხდებოდა შეტყუება ადამიანების და შემდეგ მათი ფარული ჩაწერა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

9 მაისს ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს. ბლოგერსა და სამხედრო ექსპერტს ბრალი ორი მუხლით ოფიციალურად წარუდგინეს მას გამოძიება იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ახლა უკვე ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვებას და შენახვას ედავება. ამავე მუხლით დაკავებულია ბლოგერისმეუღლე მარიამ იაშვილიც.