„ინფლაციის შემცირება დაკავშირებულია სწორ მონეტარულ პოლიტიკასთან” – ლევან დავითაშვილი

49
spot_img

„საქართველოში, წინა თვესთან შედარებით ინფლაცია 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და მისმა დონემ 0.6% შეადგინა. ინფლაციის დონე უკვე ჩამოცდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს”, – ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ივნისის თვის ინფლაციის მაჩვენებლები შეაფასა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ინფლაცია 3%-ზე ჰქონდა დაგეგმილი, წინა თვესთან შედარებით კი ფასების დონე 0.7%-ით შემცირდა.

„საქართველოში 2022 წლის მაისის შემდგომ ინფლაციას აქვს შემცირების ტენდენცია. ეს, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია სწორ მონეტარულ პოლიტიკასთან და ზოგადად, მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან, რომლებიც უკავშირდებოდა ერთის მხრივ მის მიერ წარმოებულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და მეორე – კონკურენციის მიმართულებით გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც ბაზარზე კონკურენციის უზრუნველყოფას ითვალისწინებდა და შესაბამისად, ეს ფასებზე აისახა. ამან მოგვცა საშუალება, რომ ენერგომატარებლებზე , მათ შორის საწვავზე, სურსათის გარკვეულ ჯგუფებსა და მედიკამენტებზე ფასები მნიშვნელოვნად შემცირებულიყო”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც ლევან დავითაშვილი ხაზს უსვამს, ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის ცხოვრების დონესთან და აქტუალურია ჩვენი მოქალაქეებისთვის – ოჯახის ხარჯების სტრუქტურაში ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები მნიშვნელოვან როლს თამაშობს. რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფებს, რომელზეც ფასები შემცირდა: მათ შორისაა ჯანმრთელობის დაცვა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ასევე ფასების შემცირდა დასვენების მიმართულებაზე.

ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, ბოლო თვის განმავლობაში ფასების მცირეოდენი ზრდა ფიქსირდება ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებზე. ლევან დავითაშვილის განმარტებით, ჯამში საბოლოოდ ინფლაციის დონემ თვის ჭრილში 0.6% შეადგინა.

„ზოგადად, საერთაშორისო ტენდენციაც მსგავსია – ევროზონაში ინფლაცია დაახლოებით 5.5%-ია, თუმცა, უფრო ნაკლებად ხდება ინფლაციის შემცირება სხვა ქვეყნებში და ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრ ქვეყანაში ის ჯერ კიდევ გამოწვევაა, ზოგიერთ ქვეყანაში კი ორნიშნა ინფლაციაა, მიუხედავად შემცირების ტენდენციისა. მაგალითად, მაისის თვეში ის თურქეთში 40%-მდე იყო, რუსეთში საკმაოდ შემცირდა – 2.5%-ზე დავიდა, აზერბაიჯანში 11.5%-ია, მოლდოვაში – 16%-ზე მეტი, ესტონეთში – 11.3%, ლიეტუვაში ასევე 12%-მდე და ა.შ.”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.