Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

ეს კანონი პირწმინდად რუსულია იმიტომაც, რომ ამ წუთებში, რუსეთი სწორედ ამ კანონის გამოყენებით ოფიციალურად აუქმებს დემოკრატიის ბოლო, ფორმალურ მარცვლებსაც – გრიგოლ გეგელია

არამედ ეს კანონი პირწმინდად რუსულია იმიტომაც, რომ სწორედ ამ წუთებში რუსეთი სწორედ ამ კანონის გამოყენებით ოფიციალურად აუქმებს დემოკრატიის ბოლო, ფორმალურ მარცვლებსაც კი – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებასაც განზრახული აქვს ათიათასობით ქართველის პოლიტიკურად განეიტრალება მათი “აგენტებად” და მოღალატეებად შერაცხვით.

“დღეს, “ქართული ოცნების” იდეოლოგიურმა მოკავშირემ, კრემლმა უკვე ღიად აუკრძალა არჩევნებში მონაწილეობა ყველა იმ პირს, ვინც რუსეთის დუმას მიერ უცხოეთის გავლენის აგენტადაა შერაცხული.

რუსეთის ავტოკრატიულმა რეჟიმმა დღეს ათასობით ჟურნალისტს, ინტელექტუალს, კულტურის მოღვაწეს, ბიზნესმენს ერთი ხელის მოსმით წაართვა ერთერთი უმთავრესი დემოკრატიული უფლება – არჩევნებში პოლიტიკური ჩართულობის საშუალება.

გარდა საქართველოს ევროპული გზის ჩახერგვისა, სწორედ ეს არის “ქართული ოცნების” რუსული მმართველობის რეალური მიზანი. ხელისუფლებას, რომელიც თავად დგას უცხო, და რაც უარესია ოკუპანტი, ძალის სამსახურში, განზრახული აქვს ათიათასობით ქართველის პოლიტიკურად განეიტრალება მათი “აგენტებად” და მოღალატეებად შერაცხვით.

მინდა ხელახლა მოვუწოდო ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ჯერ კიდევ კითხულობს, თუ რატომ არის ეს კანონი რუსული. ეს კანონი რუსულია არამხოლოდ იმიტომ, რომ ყველა პარტნიორმა გვითხრა, ან ეს კანონი, ან ევროპული გზაო; არამხოლოდ იმიტომ რომ მას პუტინის და ლავროვის გარდა მსოფლიოში არავინ იწონებს, არამედ ეს კანონი პირწმინდად რუსულია იმიტომაც, რომ სწორედ ამ წუთებში რუსეთი სწორედ ამ კანონის გამოყენებით ოფიციალურად აუქმებს დემოკრატიის ბოლო, ფორმალურ მარცვლებსაც კი.

დადგა დრო, როდესაც რუსეთის მსახურმა ხელისუფლებამ ჰიბრიდული ომი გამოუცხადა საჯუთარ ერს და ჩვენს ყველა მონაპოვარს. ეს არის ბრძოლა, რომელშიც უნდა გაიმარჯვის ქართველმა ერმა და წააგოს პუტინმა”,- აცხადებს გეგელია, რომლის კომენტარსაც “ლელო” ავრცელებს.

პოლიტიკურ უმცირესობას ფსიქოემოციური აფეთქებისთვის მსხვერპლი სურს -დიმიტრი ხუნდაძე

ოპოზიცია აკერმანის სცენარის მიხედვით მიჰყვება რევოლუციის განვითარებას, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა.

ხუნდაძე აქციის მონაწილე ახალგაზრდებსა და მათ მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მათი გულწრფელი ემოცია ოპოზიციამ, შესაძლოა, მათსავე წინააღმდეგ გამოიყენოს.

„პოლიტიკურ უმცირესობას ქართული კანონი და მისი „რუსულობა“ უკვე დაავიწყდა – მის შინაარსში საერთოდ არ შესულან და არც ახლა აპირებენ. ისინი აკერმანის სცენარის მიხედვით მიჰყვებიან რევოლუციის განვითარებას. ფსიქოემოციური აფეთქებისთვის მსხვერპლი სურთ. მათი ეს ზრახვები არის სახიფათო, გარდა იმისა, რომ მიუღებელია. ამიტომ სიფრთხილე მართებთ ახალგაზრდებს, ბავშვებს და მათ მშობლებსაც, რომ გულწრფელი ემოცია არ იყოს გამოყენებული ქვეყნის საწინააღმდეგოდ და იმ ხალხის სასარგებლოდ“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

რუსეთის დუმამ კანონში ცვლილებები მიიღო, რომელიც „უცხოელ აგენტებს“ არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას უკრძალავს

რუსეთის დუმამ „საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა, რომელიც „უცხოელ აგენტებს“ არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას უკრძალავს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე კანონში „საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების შესახებ“ ცვლილებები მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონის მიხედვით, უცხოელი აგენტის სტატუსის მქონე პირებს კანდიდატად დარეგისტრირება არჩევნების ყველა დონეზე ეკრძალებათ.

ცვლილებების მიხედვით, „უცხოური აგენტების“ რეესტრში შეყვანილი პირები, ასევე ექსტრემისტული ან ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში ჩართული პირები კანდიდატები ან არჩევნების დამკვირვებლები ვერ იქნებიან.

კანონში ცვლილებების შეტანას მხარი 450-დან 409 დეპუტატმა დაუჭირა.

“ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაადასტურა ჩვენი სამშობლოს მიმართ ერთგულება, შესაბამისად, სანქციების მუქარა ვერავის შეაშინებს” – ანრი ოხანაშვილი

შანტაჟი, მუქარა, რომ ან სახელმწიფოს ინტერესების დაცვაზე უარს იტყვი ან დაგასანქცირებ – არ ჭრის, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, არაერთხელ დაადასტურა ქვეყნის მიმართ ერთგულება, შესაბამისად, სანქციების დაწესების მუქარა ვერავის შეაშინებს.

ოხანაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ შესაძლოა, პარტნიორები ვერ თანხმდებოდნენ კონკრეტულ საკითხებზე, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ ისინი უხეშად უნდა ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში.

“ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაადასტურა ჩვენი სამშობლოს მიმართ ერთგულება და შესაბამისად, ვერავითარი მუქარა სანქციების შესახებ, ვერავის ვერ შეაშინებს.

შესაძლებელია არსებობდეს საკითხები, სადაც პარტნიორები ვერ თანხმდებოდნენ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს და პარტნიორს არ აძლევს უფლებას, რომ უხეშად ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში. პარტნიორობა ნიშნავს თანასწორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

“დარწმუნებული ვარ, სი ძინპინი გააგრძელებს მნიშვნელოვანი როლის შესრულებას რუსეთის მიერ წარმოქმნილ ბირთვულ საფრთხეებთან დაკავშირებული დაძაბულობის დეესკალაციაში”

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს რუსეთის მიერ შექმნილ ბირთვულ საფრთხეებთან დაკავშირებული დაძაბულობის დეესკალაციაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

მედიის ინფორმაციით, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და სი ძინპინთან პარიზში გამართულ შეხვედრაზე სი ძინპინს მოუწოდა, გამოიყენოს პეკინის გავლენა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესაჩერებლად.

ამასთან, ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, დარწმუნებულია, სი ძინპინი გააგრძელებს მნიშვნელოვანი როლის შესრულებას რუსეთის მიერ წარმოქმნილ ბირთვულ საფრთხეებთან დაკავშირებული დაძაბულობის დეესკალაციაში.

შეხვედრის შემდეგ, ემანუელ მაკრონმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცადეს, რომ მოლაპარაკებებში პრიორიტეტული თემა ვაჭრობის საკითხი იყო და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ევროპამ ჩინეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებში თავისი სტრატეგიული ინტერესები უნდა დაიცვას.

ჯოზეფ ბორელი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღი უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მწარმოებლებისგან შეიძინონ

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღი უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მწარმოებლებისგან შეიძინონ.

“ჩვენ სტრუქტურულად უნდა გავზარდოთ ჩვენი სამრეწველო თავდაცვის შესაძლებლობები. ეს მნიშვნელოვანია მსგავს ხანგრძლივ გამოფიტვის ომში. სწორედ ამიტომ, ახლახან, პირველი ევროპული თავდაცვის სამრეწველო სტრატეგიის წარდგენისას, ჩვენ შევთავაზეთ დაუყოვნებლივ დავიწყოთ მუშაობა უკრაინული თავდაცვის კომპანიების ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიულ ეკოსისტემაში ინტეგრაციაზე. უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობები, ინდუსტრიული თვალსაზრისით, ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობებთან უნდა გავაერთიანოთ. კონკრეტულად, ეს გულისხმობს ევროპისა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიებს შორის ერთობლივი შესყიდვების ხელშეწყობას. უკრაინაში დიდი შესაძლებლობებია, მაგრამ მათ დაფინანსება სჭირდებათ“, – აღნიშნა ბორელმა უკრაინა-ევროკავშირის თავდაცვის მრეწველობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზით იმართება ფორუმი, რათა გამოვლინდეს უკრაინულ და ევროპულ კომპანიებს შორის ერთობლივი ინიციატივების კონკრეტული შესაძლებლობები, უკრაინის სამრეწველო წარმოების სტიმულირება, უკრაინის ხელახალი აღჭურვა და დაფინანსება.

ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს სამუშაო ნულიდან არ იწყება, რადგან უკვე მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება. კერძოდ, რამდენიმე ევროპული კომპანია უკრაინაში ერთობლივ წარმოებას შეუერთდა. მისი თქმით, აუცილებელია ამ საქმიანობის გაფართოება.

„ამ წლის ბოლოს კიევში გავხსნით ევროკავშირის ინოვაციების ოფისს, რათა ხელი შევუწყოთ უკრაინულ სტარტაპებსა და ევროკავშირის თავდაცვის კომპანიებს შორის კონტაქტებს. მაგრამ ვიმეორებ: დაფინანსება არის მთავარი ყველა ამ ძალისხმევაში. ჩვენ ახლახან დავაარსეთ უკრაინის დახმარების ახალი ფონდი – „ევროპული სამშვიდობო ფონდის“ ფარგლებში 5 მილიარდი ევროს ოდენობით და მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდებიან რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებაზე, ეს რესურსები მიმართული იქნება უკრაინისკენ, მათი მწვავე სამხედრო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და პირდაპირ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისკენ. ეს არის ჩემი მტკიცე განზრახვა. ეს ფული უკრაინაში უნდა გაიგზავნოს, რათა უკრაინელებმა შეძლონ აწარმოონ დამოუკიდებლად, თავიანთ ტერიტორიაზე, საჭიროებების მიხედვით – დაზოგონ ტრანსპორტირების ხარჯები და თავიდან აცილონ შეფერხებები. უფრო კრეატიულები უნდა ვიყოთ უკრაინაში სამხედრო დახმარების მიწოდების ახალი გზების შესწავლაში“, – აღნიშნა ბორელმა.

უკრაინულმა დრონმა ყირიმში რუსების ჩქაროსნული კატერი გაანადგურა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დროებით ოკუპირებულ ყირიმში საზღვაო დრონით რუსულ ჩქაროსნულ კატერს დაარტყა, – ინფორმაციას უკრაინული მედია დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, Magura V5 ტიპის დრონმა ჩქაროსნულ კატერს უზკაიას ყურის მიდამოში დაარტყა.

დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დაადასტურა დროებით ოკუპირებულ ყირიმში სპეცოპერაციის ჩატარება, რის შედეგადაც 6 მაისის ღამეს რუსების ჩქაროსნული კატერი განადგურდა და შესაბამისი ვიდეოც გაავრცელა.

“ერთ დღეს თითქოს ლიტურგიას ესწრებიან, გალობენ, მეორე დღეს პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებენ” – დავით მათიკაშვილი

ერთ დღეს თითქოს ლიტურგიას ესწრებიან, გალობენ, მეორე დღეს პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებენ – კიდევ ერთხელ ნიღაბი ჩამოიხსნეს და საკუთარი სახე დაანახეს საზოგადოებას, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ის რომ „თბილისი პრაიდი“, სუბელიანი, ზოგადად რადიკალები, ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდისტები გულწრფელები არ არიან ძალიან მარტივად გამოჩნდა. მათ გულწრფელობას არავინ არ იჯერებს. ერთ დღეს თითქოს ლიტურგიას ესწრებიან, გალობენ, მეორე დღეს პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებენ. კიდევ ერთხელ ნიღაბი ჩამოიხსნეს და საკუთარი სახე დაანახეს საზოგადოებას – თუ რეალურად რა ანტიქართულ, ანტიეკლესიურ ძალასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა, რომლის კომენტარსაც “ქართული ოცნება“ ავრცელებს.

“აღმოჩნდა, რომ დაფინანსება, განსაკუთრებით პოლიტიკასთან დაკავშირებული „ენჯეოების“, ხმარდება სწორედ რევოლუციების მოწყობას ქვეყანაში” – ირაკლი ქადაგიშვილი

აღმოჩნდა, რომ დაფინანსება, განსაკუთრებით პოლიტიკასთან პირდაპირ დაკავშირებული „ენჯეოებისა“, ხმარდება სწორედ რევოლუციების მოწყობას ქვეყანაში და რადიკალიზმის გაღვივებას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამის გასაჯაროება არ უნდათ და აკრიტიკებენ ქვეყანას – რატომ გინდათ, რომ ქვეყანაში პროცესები იყოს გამჭვირვალე, დემოკრატიული და არჩევნების გზით წყდებოდეს. აი ეს არის ის რეალობა, ორმაგი სტანდარტი, რომელიც გამოაშკარავდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ერთადერთი რამ რასაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, არის გამჭვირვალობა და ფინანსების საჯაროობა და ამაზე პირდაპირ უარის თქმა იყო რთული, ამიტომ ოპონენტებმა აღმართეს კედელი, რომელსაც დაარქვეს „რუსული კანონი“.

„ერთადერთი რამ რასაც ეს კანონპროექტი ითვალისწინებს, არის გამჭვირვალობა და ფინანსების საჯაროობა. სხვა ამ კანონპროექტში რაიმე განსაკუთრებული არაფერი არ არის ჩადებული, რაც ან ოდნავ შეაფერხებს მუშაობას არასამთავრობო სექტორის, ან მედიისას, ან რომელიმე ადამიანზე იქონიებს გავლენას, მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობა არის. ასე რომ ძალიან რთული იყო თავიდანვე უარის თქმა პირდაპირ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ამიტომ აღმართეს ეს კედელი, რომელსაც დაარქვეს „რუსული კანონი“ და ამის იქით არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არავის აღარ სურდა რაიმე დამატებითი არგუმენტი წარმოეჩინა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

“ჩვენ ვცხოვრობთ რწმენით, რომლითაც შესაძლებელია უხილავი ღმერთის დანახვა” – მეუფე შიო

ჩვენ ვცხოვრობთ რწმენით, რომლითაც შესაძლებელია უხილავი ღმერთის დანახვა…შეგვაძლებინოს უფალმა, სული არ ჩავაქროთ, რაშიც შეგვეწიოს ჩვენ წმინდა ძლევაშემოსილი, საკვირველმოქმედი, დიდი მოწამე გიორგი! , – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ კვირის ყოველი დღე აღდგომის ტოლფასი მნიშვნელობისაა.

“ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს და გიორგობას. შეგახსენებთ, რომ ამ კვირის ყოველი დღე აღდგომის ტოლფასი მნიშვნელობისაა.

დღეს სახარებიდან წაკითხული იყო ასეთი სიტყვები, რომ „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს, მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა“ (ინ. 1, 18).

ყველაფრის, რაც სულიერია, ფიზიკური თვალით დანახვა შეუძლებელია. წმინდა წერილში სიტყვა ,,ხილვა” არ ნიშნავს მხოლოდ თვალით დანახვას, არამედ რაიმეს სრულყოფილად შეცნობასაც ნიშნავს. ამიტომ გამოთქმა – ,,ღმერთი არასდროს არავის უხილავს” – ნიშნავს, რომ ღმერთის სრულყოფილად შეცნობა შეუძლებელია.

ამიტომ როდესაც ვკითხულობთ ძველი თუ ახალი აღთქმის წიგნებში, რომ წმინდანებმა იხილეს ღმერთი, მათ ჰქონდათ ღმერთის გამოცხადება, ეს არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს მათ ღმერთის არსება იხილეს, არამედ ეს ადგილები ისე უნდა გვესმოდეს, რომ ღმერთმა აღირსა ამა თუ იმ წმინდანს ხილვა და გამოცხადება და მისი რწმენის მიხედვით გამოუცხადა ცოდნა ღმერთზე იმდენად, რამდენადაც შესაძლებელი იყო ამა თუ იმ წმინდანისთვის.

ამიტომ ჩვენ ვცხოვრობთ რწმენით, რომლითაც შესაძლებელია უხილავი ღმერთის დანახვა. ეს რწმენა ჩვენ მოგვცა განკაცებულმა ძე ღმერთმა, რომელმაც იხილა ღმერთი და რომელიც თვითონ ღმერთია. სწორედ მასზე ამბობს მამაზეციერი, რომ ,,ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ” (მთ. 3, 17).

და აი, რაც დაფარული იყო მამაში, ეს გამოავლინა ძემ, გამოავლინა განცხადების სისავსე, ნება ღვთისა და ჩვენი გადარჩენის გზა. სწორედ ეს არის აღდგომის მადლი, ბრწყინვალება და ჭეშმარიტება.

დიდი მარხვის პერიოდში დედაეკლესია მოგვიწოდებდა სინანულისკენ. მრავალმა შეისმინა ეს მოწოდება, მოვიდა აღსარებაზე და განიწმინდა, მაგრამ ახლა ჩვენი საზრუნავი უნდა იყოს, ისევ არ მივუბრუნდეთ იმ ცოდვებს, რომლებზეც უარი ვთქვით, რომ ისევ არ დარჩეს ჩვენი სული მზრუნველობისა და სულიერი საზრდოს გარეშე. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული: ,,სულს ნუ ჩააქრობთ!” (შდრ: ,,სულსა ნუ დაავსებთ!” – 1თეს. 5,19)

ამგვარად, გავიდა დიდი მარხვა და დადგა აღდგომის ბრწყინვალე დღეები, აღდგომის შემდგომი პერიოდი და შეგვაძლებინოს უფალმა, სული არ ჩავაქროთ, რაშიც შეგვეწიოს ჩვენ წმინდა ძლევაშემოსილი, საკვირველმოქმედი, დიდი მოწამე გიორგი, რომელმაც დღეს ჩვენ აქ შეგვკრიბა, ამინ!- აღნიშნა მეუფე შიომ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისის დღის ბოლოდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლი.

ამასთან, აღნიშნულია, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

“ეს არის უმნიშვნელოვანესი და ყურადსაღები თავად აქციაში მონაწილე ადამიანებისთვის” – ნინო წილოსანი

არაერთხელ გვითქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აკერმანის სტრატეგიის მიხედვით ყველაფერს გააკეთებს, რათა ის ინსტრუმენტები გამოიყენონ, რაც მათთვის უკვე ცნობილია, მათ შორის მაიდანის რევოლუციური სცენარებიდან გამომდინარე და ბევრი სხვა ინსტრუქცია, რომელიც აკერმანიდან აქვთ მიღებული, – განაცხადა „ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა დააანონსა შესაძლებლობა, რომ ფატალური შემთხვევა მოხდეს აქციების დროს. ეს არის უმნიშვნელოვანესი და ყურადსაღები თავად აქციაში მონაწილე ადამიანებისთვის. ჩვენი მხრიდანაც არაერთხელ გვითქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აკერმანის სტრატეგიის მიხედვით ყველაფერს გააკეთებს, რათა ის ინსტრუმენტები გამოიყენონ, რაც მათთვის უკვე ცნობილია, მათ შორის მაიდანის რევოლუციური სცენარებიდან გამომდინარე და ბევრი სხვა ინსტრუქცია, რომელიც აკერმანიდან აქვთ მიღებული. თავისთავად, უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა ხდება სამართალდამცველების მხრიდან. მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პარტიების წარმომადგენლებს, აიღონ პასუხისმგებლობა იმ აქციების განვითარებასთან დაკავშირებით, რომელსაც თავადვე აორგანიზებენ“, – აღნიშნა წილოსანმა.