ეს კანონი პირწმინდად რუსულია იმიტომაც, რომ ამ წუთებში, რუსეთი სწორედ ამ კანონის გამოყენებით ოფიციალურად აუქმებს დემოკრატიის ბოლო, ფორმალურ მარცვლებსაც – გრიგოლ გეგელია

15
spot_img

არამედ ეს კანონი პირწმინდად რუსულია იმიტომაც, რომ სწორედ ამ წუთებში რუსეთი სწორედ ამ კანონის გამოყენებით ოფიციალურად აუქმებს დემოკრატიის ბოლო, ფორმალურ მარცვლებსაც კი – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებასაც განზრახული აქვს ათიათასობით ქართველის პოლიტიკურად განეიტრალება მათი “აგენტებად” და მოღალატეებად შერაცხვით.

“დღეს, “ქართული ოცნების” იდეოლოგიურმა მოკავშირემ, კრემლმა უკვე ღიად აუკრძალა არჩევნებში მონაწილეობა ყველა იმ პირს, ვინც რუსეთის დუმას მიერ უცხოეთის გავლენის აგენტადაა შერაცხული.

რუსეთის ავტოკრატიულმა რეჟიმმა დღეს ათასობით ჟურნალისტს, ინტელექტუალს, კულტურის მოღვაწეს, ბიზნესმენს ერთი ხელის მოსმით წაართვა ერთერთი უმთავრესი დემოკრატიული უფლება – არჩევნებში პოლიტიკური ჩართულობის საშუალება.

გარდა საქართველოს ევროპული გზის ჩახერგვისა, სწორედ ეს არის “ქართული ოცნების” რუსული მმართველობის რეალური მიზანი. ხელისუფლებას, რომელიც თავად დგას უცხო, და რაც უარესია ოკუპანტი, ძალის სამსახურში, განზრახული აქვს ათიათასობით ქართველის პოლიტიკურად განეიტრალება მათი “აგენტებად” და მოღალატეებად შერაცხვით.

მინდა ხელახლა მოვუწოდო ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ჯერ კიდევ კითხულობს, თუ რატომ არის ეს კანონი რუსული. ეს კანონი რუსულია არამხოლოდ იმიტომ, რომ ყველა პარტნიორმა გვითხრა, ან ეს კანონი, ან ევროპული გზაო; არამხოლოდ იმიტომ რომ მას პუტინის და ლავროვის გარდა მსოფლიოში არავინ იწონებს, არამედ ეს კანონი პირწმინდად რუსულია იმიტომაც, რომ სწორედ ამ წუთებში რუსეთი სწორედ ამ კანონის გამოყენებით ოფიციალურად აუქმებს დემოკრატიის ბოლო, ფორმალურ მარცვლებსაც კი.

დადგა დრო, როდესაც რუსეთის მსახურმა ხელისუფლებამ ჰიბრიდული ომი გამოუცხადა საჯუთარ ერს და ჩვენს ყველა მონაპოვარს. ეს არის ბრძოლა, რომელშიც უნდა გაიმარჯვის ქართველმა ერმა და წააგოს პუტინმა”,- აცხადებს გეგელია, რომლის კომენტარსაც “ლელო” ავრცელებს.