ჩვენ გვინდა, საქართველო იყოს სტაბილური, ძლიერი ქვეყანა, ძალიან ძლიერი ინსტიტუტებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა.
„პრეზიდენტის მიმდინარე იმპიჩმენტზე თუ მკითხავთ, მე უცხოელი დიპლომატი ვარ. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო, რადგან არ მინდა, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა. რაც ჩვენ გვინდა, არის ის, რომ საქართველო იყოს სტაბილური, ძლიერი ქვეყანა, ძალიან ძლიერი ინსტიტუტებით. ასე რომ, რა თქმა უნდა, იმპიჩმენტის პროცედურა არ არის ის, რაც ეხმარება საქართველოს, გახდეს სტაბილური, ძლიერი, მყარი ქვეყანა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით. მაგრამ კიდევ ერთხელ, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
კითხვაზე, რაზე ისაუბრეს გუშინ პრეზიდენტთან შეხვედრაზე, პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ საუბრის მთავრი თემა საქართველოს ევროინტეგრაცია იყო.
„გუშინ პრეზიდენტმა მიგვიწვია ევროკავშირის ყველა სხვა ელჩთან ერთად. ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა კი საქართველოს ევროინტეგრაცია იყო“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.