იმედი გვაქვს, რომ ევროპა ევროპულ ღირებულებებს ზურაბ ადეიშვილს არ გადააყოლებს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„მადლობა საქართველოს მთავრობასა და განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც სწორედ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება და მიმართა შესაბამის სახელმწიფოებს, რომ სამართლიანობის პრინციპის აღდგენის შესაბამისად და პარტნიორული ურთიერთობიდან გამომდინარე, სახელმწიფოებმა ნება იბოძონ და როგორც ჩვენ არაერთხელ გადავეცით სხვა პარტნიორ სახელმწიფოებს, მათ მიერ დამნაშავედ გამოცხადებული პირები, ასევე ნება იბოძონ და საქართველოს მართლმსაჯულების მიერ დამნაშავედ გამოცხადებული პირი და პირები გადმოსცენ საქართველოს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ გერმანიას და ბელგიას ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მიზნით მიმართა.
ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებისთვის არის მსჯავრდებული და ბრალდებული. ის რამდენიმე დღის წინ ჯერ ბუნდესტაგში, შემდეგ კი ევროკომისიაში მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა. შეხვედრებზე ადეიშვილი უკრაინის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა და მაღალი დონის შეხვედრებზე, სამართლის პრინციპების გაუმჯობესებასა და პროკურატურის რეფორმირებაზე საუბრობდა.
ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგსა და ევროკომისიაში გამართულ შეხვედრებზე განცხადება ჯერ გერმანიის საელჩომ გაავრცელა. შემდეგ კი განმარტება გააკეთა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ.
ადეიშვილის ევროპულ შეხვედრებს 11 მარტს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს მთავრობა. უწყების შეფასებით, ევროკავშირსა და გერმანიაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია.
ასევე 11 მარტს გავრცელებულ კიდევ ერთ განცხადებაში მთავრობა აღნიშნავს, რომ ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.
გარდა ამისა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან პეტერ ფიშერთან შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო.