იმას კი არ გვეუბნება ვინმე, რომ მოდით დამატებით ვიმსჯელოთო, გვეუბნებიან, დაგასანქცირებთ თუკი თავდაცვის პოზიციიდან არ გამოხვალთო – გიორგი ვოლსკი

14
spot_img

რუსეთს ოკუპირებული აქვს ტერიტორიების დიდი ნაწილი, ათეულობით სამხედრო ობიექტი აქვს და 700 მეტრი დაშორება აქვს მთავარ გზებზე, რომელზეც უახლოეს პერიოდში უნდა გაიაროს ტვირთებმა ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით. წარმოიდგინეთ რა საფრთხეში ვართ და ამ საფრთხის საპასუხოდ იმას კი არ გვეუბნება ვინმე, რომ მოდით დამატებით ვიმსჯელოთ, მოდით დესტაბილიზაციის საფრთხეები განვიხილოთ, გვეუბნებიან, რომ დაგასანქცირებთ თუკი თქვენ თავდაცვის პოზიციიდან არ გამოხვალთო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, გამჭვირვალობის კანონი ყველაზე რბილი ვერსიაა იმასთან შედარებით, რაც ფრანგულ, უკვე მიღებულ კანონში წერია.

„გამჭვირვალობის კანონმა პასუხისმგებლობა უნდა გაზარდოს დონორების, არასამთავრობო ორგანიზაციების ქართული საზოგადოების წინაშე. ძალიან გაუჭირდება და შეუძლებელიცაა, რომ წარმოაჩინოს ის, თუ რა თანხას განაგებს და ამ თანხის რა ნაწილია მიმართული იმისკენ, რომ ვიღაცამ „მოლოტოვის კოქტეილი“ დაამზადოს და პოლიციას ესროლოს. ეს რეალობა თუ არსებობს, ამასთან დაკავშირებით ანგარიშის გამოქვეყნება არ უნდათ და ჩვენ ვამბობთ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს დესტაბილიზაციის პროცესი და ამ გულმხურვალე თუ გაუცნობიერებელი ახალგაზრდების ნაწილის ზურგზე ხელისუფლებისკენ წამოიყვანოს ის ხელისუფლება, რომელიც უკრაინის შეკვეთის შესრულებაში ჩაერთვება. ეს არის ფორმულა და ამისთვის გვინდა ეს კანონი და არა ანტიდასავლური რაღაც პოზიციებისთვის, რომელიც კატეგორიულად არის უსამართლობა ჩვენ მიმართ ასეთი რამის თქმა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.