ჩვენ შევეცდებით იმ პასუხგაუცემელ კითხვებს, რომელიც საზოგადოებაში ტრიალებს აუცილებლად გავცეთ პასუხები და ჩემმა ძმამ თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. „ამისთვის ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ“, – აღნიშნა მამალაძემ.
დეკანოზის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ადვოკატმაც.
„ყველა სამართლებრივ მექანიზმს აკმაყოფილებდა იმისთვის, რომ გათავისუფლებულიყო, გამომდინარე მოხდილი სასჯელიდან, ასევე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და პროკურატურის მიერ დაზარალებული პირის წერილობითი თანხმობიდან გამომდინარე“, – აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.
დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, პირობით ვადამდე გათავისუფლდა. ადვოკატის განმარტებით, საბჭომ მხედველობაში მიიღო მამალაძის საყურადღებო ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნია მსჯავრდებულის ვადაზე ადრე გათავისუფლება. ამასთან, საბჭომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ მამალაძის საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირი შორენა თეთრუაშვილი თანხმობას აცხადებდა მსჯავრდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებაზე.
გიორგი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე 2017 წელს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.