ილია დარჩიაშვილი გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს შეხვდა

30
spot_img

ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან, ვოლკერ ტურკთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ხაზი გაუსვა გამოწვევებით სავსე პერიოდში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის როლსა და დატვირთვას.

„ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ  ჰუმანიტარულ ვითარებაზე და ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა გაერო-ს დღის წესრიგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული ვითარების მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას. ასევე, აღნიშნა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების აუცილებლობა. აღინიშნა გაერო-ს როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში და ასევე, კონფლიქტით დაზარელებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით.

ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციაზე „თანამშრომლობა საქართველოსთან“. მინისტრმა ასევე ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე და გაერო-ს განსაკუთრებულ როლზე ამ პროცესში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრის დასასრულს ილია დარჩიაშვილმა უმაღლესი კომისარი საქართველოში მოიწვია.

ილია დარჩიაშვილი 26-დან 27 თებერვლამდე ჟენევაში ვიზიტით იმყოფება. 26 თებერვალს მინისტრი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა.