ილია დარჩიაშვილი არგენტინის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

18
spot_img

არგენტინის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, შეხვედრა გამართა არგენტინის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტთან, არგენტინის სენატის პრეზიდენტ ვიქტორია ვილარუელთან.

შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს არგენტინასა და საქართველოს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, რომლებსაც საფუძველი ჯერ კიდევ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან ჩაეყარა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ წარმატებით გაგრძელდა. არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს არგენტინასა და ზოგადად სამხრეთ ამერიკის რეგიონში, რაც გაგრძელებაა იმ ინტენსიური დიალოგისა, რომელსაც საქართველო აწარმოებს ლათინური ამერიკისა და კრიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან.

მხარეებმა პოზიტიური შეფასება მისცეს საქართველო-არგენტინის საპარლამენტო თანამშრომლობას და გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად იმუშაონ საპარლამენტო დონეზე კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად. შეხვედრაზე მიმოხილულ იქნა ევროპის კონტინენტზე არსებული ვითარება, საქართველოს საგარეო პოლიტიკური მისწრაფებები და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს გაზრდილ რეგიონულ როლზე კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ, რაც კიდევ უფრო აუცილებელს ხდის აქტიურ კომუნიკაციას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან საქართველოს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებისა და ქვეყნის შესაძლებლობათა პოზიციონირების თვალსაზრისით. ასევე, განხილულ იქნა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო; ხაზი გაესვა არგენტინის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას; შეფასდა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მზარდი პოტენციალი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხალხთაშორისი და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას.