„ილ 76“-ის ჩამოგდების გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა. როგორც „ტასი“ წერს, ამის შესახებ ლავროვმა მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ დაახლოებით საათ-ნახევრის წინ მოვითხოვეთ უშიშროების საბჭოს ჩანიშვნა. ვიმედოვნებთ, რომ საფრანგეთის წარმომადგენლობა კეთილსინდისიერად შეასრულებს თავის მოვალეობას და დანიშნავს ამ შეხვედრას რაც შეიძლება მალე. არ ვისურვებდი, რომ 2022 წლის ისტორია განმეორდეს, როდესაც ბუჩაში ინსცენირება მოაწყვეს. ბრიტანეთის წარმომადგენლობამ სამი დღით უარი თქვა ასეთი შეხვედრის მოწვევაზე“, – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ილ 76“-ის თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს ტერორისტული მეთოდის გამოყენების კიდევ ერთი ფაქტი უწოდა.
მისი თქმით, ამ თვითმფრინავით რუსებს უკრაინელი ტყვეები გადაჰყავდა, რომელთა გაცვლაც კიევისა და მოსკოვის კიდევ ერთი შეთანხმების სანაცვლოდ უნდა მომხდარიყო.
თვითმფრინავი ბელგოროდის ოლქის კოროჩანსკის რაიონში ჩამოვარდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ჩამოვარდილ „ილ-76“-ის ბორტზე 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა, რომლებიც გასაცვლელად გადაჰყავდათ. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ცნობით, ჩამოვარდნილ „ილ-76“-ის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. ამასთან, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავს რაკეტები გადაჰქონდა. მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, უკრაინელმა სამხედროებმა „ილ 76“-ი, რომლის ბორტზეც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, ბელგოროდში ორი საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს.