საქართველოს პარლამენტისა და საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საელჩოს თანამშრომლობის შედეგად, წელს უკვე მესამედ ვატარებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიას. 27 იანვარი გვახსენებს მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ პერიოდს, რომელიც წარმოუდგენელ სისასტიკესა და მოუშუშებელ ტკივილს უკავშირდება , – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, ნაცისტების მიერ განხორციელებულმა ჰოლოკოსტმა 6 მილიონი უდანაშაულო ებრაელი კაცის, ქალისა და ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ამასთანავე, ამ დაუნდობელ ქმედებებს მილიონობით სხვა მსხვერპლიც ჰყავდა, რომლებიც სასტიკად იყვნენ მოკლულნი.
„დღეს, ჩვენ შევიკრიბეთ, რათა პატივი მივაგოთ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას და, ამავდროულად, დავაფასოთ გადარჩენილები, რომლებმაც წარმოუდგენელი სიძლიერე და სიმტკიცე გამოიჩინეს ფეხზე დასადგომად და ახალი ცხოვრების დასაწყებად. მათი ისტორიები ადამიანის სულიერების სიბნელეზე გამარჯვების დასტური და უკეთესი მომავლის იმედია.
ჰოლოკოსტთან დაკავშირებული ბოროტების არდავიწყება თითოეული ჩვენგანისა და მთელი მსოფლიოს ვალია. წარსულის ეს მძიმე მაგალითები ყველა თაობის მეხსიერებაში უნდა დარჩეს, რათა კაცობრიობამ გააგრძელოს ბრძოლა სიძულვილისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე შეფასებით, კონფლიქტებითა და უთანხმოებებით აღსავსე თანამედროვე მსოფლიოში, ჰოლოკოსტი რჩება მნიშვნელოვან გაფრთხილებად იმ შედეგებთან დაკავშირებით, რომლებიც უკონტროლო სიძულვილსა და დისკრიმინაციას მოსდევს.
„ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი საზოგადოება, სადაც მრავალფეროვნება დაშვებული და მისასალმებელია. განათლება ჰოლოკოსტთან დაკავშირებული დანაშაულების თავიდან აცილების ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია. ჰოლოკოსტის შესახებ ცნობიერების ამაღლება ხელს შეუწყობს ისეთი თაობის განვითარებას, რომელიც დაეფუძნება ურთიერთგაგებას, ერთიანობასა და თანაგრძნობას და ძალისხმევას არ დაიშურებს ადამიანის უფლებების დასაცავად”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო და ქართველი ხალხი ყოველთვის იდგა ებრაელი ხალხის გვერდით და მათგან იმავეს გრძნობდა.
„რამდენიმე ათასწლეულის ძმური ურთიერთობები იყო ის მეგზური, რისი დახმარებითაც ჩვენმა ორმა ერმა 26 საუკუნე მშვიდობიანად, კეთილმეზობლურად და ურთიერთდახმარების სურვილით იცხოვრა. ამავე სულისკვეთებით დგას საქართველო ისრაელის გვერდით დღევანდელი ძნელბედობის დროს. ვლოცულობთ იმისთვის, რომ ჩვენი თანამოძმე ებრაელების ოჯახებში მალე დაისადგუროს გრძელვადიანმა მშვიდობამ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ასევე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჰადას მეიცადმა.
ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა, სადაც ჰოლოკოსტის ამსახველი ფოტოგამოფენა იყო წარმოდგენილი.
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.