„ჰავანის სინდრომის“ შემთხვევებსა და გრუ-ს შორის კავშირი გამოვლინდა – შემთხვევა თბილისშიც დაფიქსირდა

53
spot_img

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (ყოფილი გრუ – რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს) მთავარი დირექტორატის 29155 სამხედრო ნაწილის თანამშრომლები, სავარაუდოდ, მოქმედებდნენ ამერიკელ დიპლომატებზე, ოფიციალურ პირებსა და დაზვერვის ოფიცრებზე საიდუმლო იარაღით, რომელიც ე.წ. „ჰავანას სინდრომს“ იწვევს, – ამ დასკვნამდე მივიდნენ The Insider-ის, ამერიკული ტელეარხ CBS News-ის გადაცემა „60 წუთის“ და გერმანული ყოველკვირეული გაზეთის, Der Spiegel-ის ჟურნალისტები, რომლებმაც ამ საკითხზე, დაახლოებით ერთწლიანი გამოძიება ჩაატარეს.

ჟურნალისტებმა რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტების მოგზაურობის შესახებ მონაცემები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში „ჰავანას სინდრომის“ შემთხვევებთან შეადარეს და მკაფიო ურთიერთდამოკიდებულება აღმოაჩინეს.

ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ “ჰავანას სინდრომის” სიმპტომები ამერიკელებში გამოჩნდა იმავე პერიოდებში და იმავე ადგილებში, როდესაც და სადაც ქვედანაყოფ 29155-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

კერძოდ, გენერალური შტაბის მთავარი დირექტორატის აგენტების გადაადგილება ევროპის მასშტაბით 2014 წელს დაემთხვა უცნაური თავდასხმების სერიას მაინის ფრანკფურტში ამერიკის საკონსულოს თანამშრომლებზე. 2016-2017 წლებში ჩინეთში, 29155 აგენტების ჯგუფის ჩაფრენის შემდეგ, ამერიკელმა დიპლომატებმა ჯანმრთელობის უცნაური პრობლემების შესახებ საუბარი დაიწყეს და 2021 წელს, საქართველოში, სადაც 29155 განყოფილების თანამშრომლები იმყოფებოდნენ, ამერიკელი დიპლომატის მეუღლეს, მინორის სინდრომი დაუდგინდა. „უცნაური დამთხვევები“ ასევე დაფიქსირდა ბელგრადსა და ჰანოიში 2021 წელს.

ჟურნალისტების ინფორმაციით, ორმა სავარაუდო მსხვერპლმა, რომლებსაც „ჰავანას სინდრომის“ სიმპტომები გამოუვლინდათ, თავდასხმების სავარაუდო მონაწილეები ფოტოებიდან ამოიცნეს: მაინის ფრანკფურტში აგენტი იეგორ გორდიენკო ჯანმრთელობის გაუარესებამდე ნახეს, თბილისში კი – ალბერტ ავერიანოვი, ქვედანაყოფის მეთაურის ანდრეი ავერიანოვის ვაჟი დააფიქსირეს.

კერძოდ, ამერიკელი დიპლომატის, თბილისში აშშ-ის საელჩოში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ატაშეს მეუღლე იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც თბილისში, დიღომში ყოფნისას თავი ცუდად იგრძნო, სახლის უსაფრთხოების კამერაში გაიხედა და შავი ფერის „მერსედესი“ და მაღალი, გამხდარი მამაკაცი დააფიქსირა. ქალმა მამაკაცსა და მის ავტომობილს ტელეფონით ფოტოები გადაუღო. მისი თქმით, მომხდარის შემდეგ აღნიშნული მამაკაცი აღარ უნახავს და მხოლოდ სამი წლის შემდეგ, როდესაც ალბერტ ავერიანოვის ფოტო აჩვენეს, ის ამოიცნო.

მედიის გამოძიებამ აღმოაჩინა მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ აუხსნელი ჯანმრთელობის ინციდენტებს, რომელიც „ჰავანას სინდრომის” სახელითაცაა ცნობილი, შესაძლოა, ქვედანაყოფ 29155-ის წევრების მიერ გამოყენებული ენერგეტიკული იარაღი იწვევდა. გამოძიების მთავარ აღმოჩენებს შორის არის ის ფაქტი, რომ ქვედანაყოფის უფროსმა წევრებმა მიიღეს ჯილდოები და პოლიტიკური დაწინაურება „არალეტალური აკუსტიკური იარაღის“ შემუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოსთვის, ეს ტერმინი რუსულ სამხედრო-სამეცნიერო ლიტერატურაში როგორც ულტრაბგერით ასევე რადიოსიხშირეზე დაფუძნებული ენერგიის მოწყობილობების აღსაწერად გამოიყენება.