ჰაგიოგრაფიის როგორ სწავლებას დავუჭერდი მხარს? -კონსტანტინე გამსახურდია

63
spot_img

“ჰაგიოგრაფიის როგორ სწავლებას დავუჭერდი მხარს?

ამისთვის უნდა წარმოვიდგინოთ ისეთი დამხმარე სახელმძღვანელო, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდას შეეძლებოდა მნიშვნელოვანი ისტორიული კონტექსტების დანახვა და ერთმანეთთან დაკავშირება. ეს კი მხოლოდ ლიტერატურით და ფილოლოგიით ვერ ამოიწურება. ასეთი სახელმძღვანელო დაახლოებით იმავე მეთოდით უნდა დაიწეროს, რა მეთოდითაც წერდნენ თავიანთ ნაშრომებს ფრანგული “ანალების სკოლის” ისტორიკოსები გასული საუკუნის პირველ ნახევარში – ლუსიენ ფევრი, მარკ ბლოკი, რობერტ ფილიპი, ფერნან ბროდელი და სხვები.

რას გულისხმობს ეს? ისტორიული ეპოქის შესწავლას და წარმოჩენას ყველა კუთხით – მაგალითად, მოცემული ისტორიული პერიოდის პოლიტიკური ისტორიის პარალელურად იმდროინდელი ფილოსოფიის, თეოლოგიის, რელიგიის/რელიგიების, სოციალური სტრუქტურის, საერო წეს-ჩვეულებების, გემოვნებების, ხელოვნებების, ტანსაცმლის სტილის, კვების კულტურის და ა.შ. ამგვარ სისტემაში დისციპლინები ანუ საგნები კი არ უნდა დიფერენცირდნენ ერთმანეთისგან – როგორც “ისტორია”, “ლიტერატურა” და ა.შ. არამედ ინტიგრირდნენ ერთიან “ეპოქაში” და ეს ეპოქა არის შუასაუკუნეები. როგორ უნდა გავიგოთ ჰაგიოგრაფია, თუკი არ გვესმის, რა იყო “შუასაუკუნეები”?

ეს ყოველივე ცხადია, წარმოდგენილი უნდა იყოს არა რთული მეცნიერული და ანალიტიკური კონსტრუქციების სახით, არამედ რაც შეიძლება მარტივად და გასაგებად, ასევე თანდართული ილუსტრაციებით.

მაგალითად იმისთვის, რომ გავერკვეთ თუ რაზე მოგვითხრობს “შუშანიკის წამება”, უნდა გვესმოდეს, რა იყო რეფორმირებული ზოროასტრიზმი, იგივე მაზდეიზმი და რა პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა მას სასანური ირანის იმპერიისთვის; რას ნიშნავდა პიტიახშის ინსტიტუტი და რა მიმართება ჰქონდა მას იბერიის მეფესთან და ირანის შაჰან-შაჰთან. შეიძლებოდა პარალელების მოხმობა ახლომდებარე კულტურული არეალებიდან – სომხური, სირიული და ბერძნული ჰაგიოგრაფიული ტექსტებიდანაც. იმისთვის, რომ გავიგოთ აბო ტფილელის ამბავი, უნდა გვესმოდეს ჯერ ომაიდების, შემდეგ აბასიდების სახალიფოს ისლამი, მისი გავრცელების გზები და წინაპირობები. რაც შეეხება სამონასტრო აღმშენებლობას და გრიგოლ ხანძთელს, აქ შესაძლოა საინტერესო იყოს ბიზანტიური სამონასტრო მოღვაწეთა “ცხოვრებები”, ასევე პარალელები როგორც ირლანდიელი ბერების და მისიონერების მოღვაწეობიდან; ეს ისე – მაგალითისთვის მომაქვს – თუნდაც ფრაგმენტები წმ. ბენედიქტუს ნურსიელის ან წმ. თეოდორე სტუდიელის “ცხოვრებებიდან”. სხვათა შორის, ეს ყოველივე შეკრებილია დასავლური ქრისტიანობის “ლეგენდა აურეას” (ოქროს ლეგენდის) სახელით ცნობილ კომპენდიუმში.

ამრიგად, მოსწავლემ გარკვეული წარმოდგენები და ცოდნა უნდა შეიქმნას შემდეგ საკითხებზე: 1. რა არის საერო ხელისუფლება შუასაუკუნეებში. 2. რა არის ქრისტიანობა, როგორც სულიერ-კულტურული ფენომენი და ეკლესიის იდეა, როგორც მისტიური ერთიანობა ქრისტეში. 3. რა არის ქრისტიანობის გარეგანი, მაორგანიზებელი ინსტიტუტი, როგორც ეკლესიის სოციალურ-პოლიტიკური ასპექტი 4. რას ნიშნავს როგორც ქრისტიანობის, ისე სხვა რელიგიების ინსტრუმენტალიზაცია, რაც შესაძლოა ხელს მძლავრად უწყობდეს იმპერიული მიზნების განხორციელებას, ამქვეყნიური ძალაუფლების განმტკიცებას, ასევე პოლიტიკურ და კულტურულ ექსპანსიას.

რუსთაველის გასაგებად გარდა დავითის და თამარის სამეფოს წარმოჩენისა საჭიროა ელემენტარული წარმოდგენების შექმნა ერთის მხრივ, ქრისტიანულ თეოლოგიაზე და მსოფლმხედველობრივ აღნაგზე; მეორეს მხრივ, როგორც დასავლურ სარაინდო პოემებზე, ისე აღმოსავლურ სუფიურ ლიტერატურაზე, როგორც მაგალითად ფირდოუსის და ნიზამი განჯელის ნაწარმოებები.

ეპოქების პრინციპით სწავლება იმას ნიშნავს, რომ ანტიკურობა (საბერძნეთი და რომი) ცალკე ეპოქად უნდა ისწავლებოდეს – თუ არ შეექმნა მთლიანობის განცდა, მოსწავლეს გაუჭირდება წარმოდგენა ჩამოიყალიბოს, თუ ვინ იყვნენ ჰომეროსი, პინდარე, ოვიდიუსი და რა შექმნეს მათ. ასევე შეიძლება თანამედროვე ეპოქის მიწოდებაც – დაწყებული დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიდან, ინდუსტრიული რევოლუციიდან და ფრენსის ბეკონის “ნიუ ორგანონის” გამოსვლიდან.

ეს როდი ნიშნავს ისტორიის და ლიტერატურის სწავლების გაუქმებას, არამედ მათი სწავლებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოს შექმნას. აქ პრინციპი ასეთი უნდა იყოს: ვიაზროვნოთ რთულად, თუმცა შეძლებისდაგვარად მარტივად მივაწოდოთ”- წერს სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია