გვსურს, საქართველოსთან დაიწყოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, ვიმედოვნებთ, ეს მოხდება, მაგრამ ამისთვის უნდა გადავჭრათ უცხოური გავლენის კანონპროექტის საკითხი – პაველ ჰერჩინსკი

17
spot_img

წლევანდელი ევროპის დღე თბილისში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან წელს პირველად აღვნიშნავთ საქართველოსთან, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანასთან ერთად. ამავდროულად, შეშფოთებული ვარ მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ჯერ კიდევ არის დრო წინსვლისთვის.

„9 მაისს ტრადიციულად ევროპის დღე აღინიშნება. ჩვენ ვზეიმობთ ევროპული ინტეგრაციის შესანიშნავ ისტორიას. ევროკავშირის 27 წევრის მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ისტორიას. თითოეულ მათგანს საკუთარი კულტურა და ტრადიცია აქვს, მაგრამ ერთობლივად დაკავშირებული ვართ ღირებულებებით, რომელსაც მტკიცედ მივყვებით. რა თქმა უნდა, წლევანდელი ევროპის დღე თბილისში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან წელს პირველად აღვნიშნავთ საქართველოსთან, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანასთან ერთად. მოხარული და ამაყი ვარ, რომ ამ დღეს აღვნიშნავთ.

ამავდროულად, ძალიან შეშფოთებული ვარ მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარებით, რაც ართულებს საკითხებს. ჯერ კიდევ არის დრო წინსვლისთვის. როგორც იცით, ჩვენ გულწრფელად გვსურს, საქართველომ წარმატებას მიაღწიოს და გადავიდეს ევროპული ინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე, რომ დაიწყოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები. ეს უკვე მოხდა უკრაინასა და მოლდოვასთან. ჩვენ უნდა დავეწიოთ და სწრაფად ვიმოქმედოთ, მჭიდროდ ვიმუშავებთ მთავრობასთან, რომ ეს მოხდეს, გულწრფელად ვიმედოვნებთ, ეს მოხდება, მაგრამ ამისთვის უნდა გადავჭრათ უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის საკითხი.

როგორც არაერთხელ ითქვა ყველა ევროპელი ლიდერის მიერ, ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის სამართალსა და ღირებულებებს. ვიმედოვნებთ, რომ ჯერ კიდევ არის დრო ყველა შესაძლო პროცედურის გამოსაყენებლად, რათა არ გარდაიქმნას კანონად. ამავდროულად, ექვსი თვე გავიდა გაფართოების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებიდან. საქართველოს წინსვლისთვის ცხრა ნაბიჯის შესრულება დაევალა. საჭიროა დაჩქარება, ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად დრო იწურება. ჯერ კიდევ დროა მომდევნო ანგარიშის გამოქვეყნებამდე, მაგრამ ყურადღება არ უნდა გაიფანტოს, საჭიროა რეფორმებზე ფოკუსირება“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.