საქართველო – ამერიკის პარტნიორული ურთიერთობები აუცილებლად გაგრძელდება როგორც მათი მხრიდან, ასევე ჩვენი მხრიდანაც უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვით, – ასე ეხმაურება საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის ჩამოსვლას „ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე.
იგი იმედს იტოვებს, რომ ახალი ელჩი მისი წინამორბედის შეცდომებს არ გაიმეორებს და მეტად გაუფრთხილდება საქართველო – ამერიკის ურთიერთობებს.
„მივესალმებით ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩის რობინ დანიგანის ჩამოსვლას საქართველოში. იმედს ვიტოვებთ, რომ ახალი ელჩი სწორად შეაფასებს მსოფლიოში მიმდინარე ახალ რეალობას და მეტად გაუფრთხილდება საქართველო – ამერიკის ურთიერთობებს ამ უაღრესად დაძაბულ სიტუაციაში.
გვინდა გვჯეროდეს, რომ ახალი ელჩი წინამორბედის შეცდომებს არ გაიზიარებს. როგორც დიპლომატის და ასევე, მისი როგორც პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, სწორად მიუდგება საქართველოს და ამერიკის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს. ყველაზე დიდი სურვილი და მოლოდინი გვაქვს იმისა, რომ ქალბატონი რობინ დანიგანი კელი დეგნანის მსგავსად არ გახდება პოლიტიკური მხარე და უფრო მეტიც, ოპოზიციის ლიდერი.
საქართველო – ამერიკის პარტნიორული ურთიერთობები აუცილებლად გაგრძელდება როგორც მათი მხრიდან, ასევე ჩვენი მხრიდანაც უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვით. სახელმწიფოთა შორის თანასწორუფლებიანი პარტნიორობა სხვაგვარად ვერ ჩამოყალიბდება,” – წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.