გუბაზ სანიკიძის შეფასებისგან თავს შევიკავებ, ოპოზიციის წარმომადგენლები ემსახურებიან კონკრეტულ ადამიანებს, ქვეყანას და მათგან ყველაფერია მოსალოდნელი კახა კალაძე 

198
spot_img

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელია და მათ პატრიოტიზმის შეგრძნება არ გააჩნიათ. აღნიშნულთან დაკავშირებით კალაძემ ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის მიერ აზერბაიჯანის მაგალითზე „მეორე ფრონტთან“ დაკავშირებით განცხადების შეფასებისას ისაუბრა.

„გუბაზ სანიკიძის შეფასებისგან თავს შევიკავებ. როგორ შეიძლება, შეაფასო გუბაზ სანიკიძე? თავისი წარსულიდან და ქმედებებიდან გამომდინარე, არ გავაკეთებ კომენტარს. რაც შეეხება მეორე ფრონტს, პირდაპირი მოწოდებები ისმოდა ამასთან დაკავშირებით, თუმცა ის, რაც აზერბაიჯანში ხდება და იქ მიღებული გადაწყვეტილებები, რადიკალურად განსხვავდება ჩვენი ახლანდელი მდგომარეობისა და ზოგადად, პოლიტიკური ვითარებისგან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ინტერესს ატარებს, რის გამოც, ოპოზიციისგან კრიტიკა მუდმივ რეჟიმში ისმის.

„ის განცხადებები, რომელთაც ვისმენდით ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, ჩვენ არ მოგვიგონია. ამაზე კეთდებოდა კონკრეტული განცხადებები, რომლებიც მიმართული იყო იმისკენ, რომ საქართველო, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ჯარისკაცები გამოყენებული ყოფილიყო რომელიღაც ქვეყნის მიზნების განსახორციელებლად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის ყველაზე მთავარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა და ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა მოვახერხოთ მშვიდობით, ძლიერი ეკონომიკით, განათლებით, განვითარებითა და გონიერებით. დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ატარებს ამ ქვეყნის ინტერესს, იცავს მშვიდობას, არ უერთდება სანქციებს, რადგან ამით ჩვენ დავზარალდებით, თუმცა ეს ვიღაცებისთვის არაა მისაღები, იმიტომ, რომ მათ არ ჰყავთ დასაყრდენი ადამიანები, რომელთაც რაღაცას უბრძანებენ – შეიძლება, ეს ქვეყნისთვის დამანგრეველი, დამაზიანებელი იყოს, მაგრამ მაინც უნდა გააკეთონ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის შეფასებით, ოპოზიციონერი ლიდერები კონკრეტულ ქვეყანას ემსახურებიან და საქართველოს წინააღმდეგ ყველაფერს გააკეთებენ.

„მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებული მოწოდებებით, ხელისუფლების ჩამოგდებით, დამხობით, რა თქმა უნდა, აქვთ სურვილი, რომ შეძლონ, საქართველოს მთავრობაში ჰყავდეთ თავიანთი აგენტები, წარმომადგენლები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ, რაც მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. სამშობლო, პატრიოტიზმი რას ნიშნავს, ცნება საერთოდ არ იციან. ისინი ემსახურებიან კონკრეტულ ადამიანებს, ქვეყანას და მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად, ქვეყნის მოსახლეობასთან, რათა საქართველოში მშვიდობა შენარჩუნდეს და ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა: „მეორე ფრონტი გახსნა ალიევმა და დაამთავრა. რაღაც მაინც ვისწავლოთ, ჩვენი მეზობლები არიან“.