“გთავაზობთ პოლიტიკური აქტივობებისა და ერთობის კომიტეტის შექმნას” – მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას

43
spot_img

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ინიციატივით მიმართავს, შეიქმნას პოლიტიკური აქტივობების და ერთობის კომიტეტი.

როგორს სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას აღნიშნა, ეს უნდა იყოს პოლიტიკური სათათბირო, რომელიც ეროვნული თანხმობისა და კონსენსუსის გზით იქნება ახალი იდეების გენერატორი. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პოლიტიკურ სათათბიროში 20-25 წევრი უნდა შევიდეს. მან თავადაც გამოთქვა მსგავსი გაერთიანების წევრობის სურვილი.

„გარდა იმისა, რომ ჩვენ გვჭირდება ოპოზიციის სრული კოორდინაცია, მიუხედავად სხვადასხვა შეხედულებებისა, ამ კოორდინაციის გარეშე საქმე არ კეთდება. ძალა ერთობაშია! მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. მე ასევე მინდა შევთავაზო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად პოლიტიკური აქტივობებისა და ერთობის კომიტეტის შექმნა, როგორც არის ამერიკაში. აქ უნდა შევიდეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ ასევე უნდა შევიდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, უნდა შევიდეს სოფო ჯაფარიძე, რომელიც იქნება ჩემი წარმომადგენელი ამ კომიტეტში. მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ ამ კომიტეტის “სუპერ პაკტთან” ერთად, ეს უნდა იყოს იდეების გენერირების ადგილი, ეს უნდა იყოს, პრაქტიკულად, ყოველგვარი ბიუროკრატიისგან თავისუფალი, მოქნილი, ეროვნული თანხმობის სტრუქტურა, პოლიტიკური სათათბირო, რომელიც ეროვნული თანხმობის და კონსენსუსის გზით იქნება ახალი იდეების გენერატორი, ჩქარი რეაგირებისა და სხვებთან დიალოგის ადგილი, იმიტომ, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩავიკეტოთ. მე მინდა, რომ შევიდე თქვენთან ერთად ამ კომიტეტში, თქვენთან ერთად ვითათბირო და თქვენთან ერთად შევქმნა ის სიტუაცია, რომელიც სრულად არაორაზროვანს ხდის ჩვენს ბრძოლისუნარიანობას და ამ მიმართულებით ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ და ძალიან სწრაფად წავიწევთ წინ. 20-25 ადამიანი უნდა შევიდეს მასში და იყოს მუდმივი სათათბირო. შეიძლება, მომავალში თავმჯდომარეც ავირჩიოთ, როგორც გადავწყვეტთ ყველა ერთად“,- განაცხადა სააკაშვილმა.

მან მომავალი არჩევნების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლების მიზანია ძალაუფლება შეინარჩუნოს, თუმცა ევროპა სწორედ ხელისუფლების ცვლაა.

„ჩვენ ვიცით მათი განზრახვები რა არის – მათი განზრახვაა, რომ ნებისმიერ ფასად მუდმივად იყვნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ევროპა ნიშნავს ხელისუფლების ცვლილებას. ამიტომ, მე წარმომიდგენია შემდეგი არჩევნები ძალიან კონკრეტულად, ჯერ ერთი ეს უნდა იყოს ოპოზიციის სრულ კოორდინაციაში. ეს არის ყველაზე ისტორიული არჩევნები 1990 წლის შემდეგ“, – განაცხადა სააკაშვილმა.