გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში და დღეს გაიმართება პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან, – ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საუბარი შეეხება იმ ახალ ნაბიჯებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც მოიტანა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ.
„ბუნებრივია, საუბარი ისევ და ისევ შედგება გასული წლის დეკემბრის გადაწყვეტილებასთან მიმართებით და იმ ახალ ნაბიჯებთან და შესაძლებლობებთან, რომლებიც მოიტანა დეკემბრის გადაწყვეტილებამ და კერძოდ, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ. რა თქმა უნდა, ყველა ამ ეტაპზე და პროცესში ხაზი გაესმება ევროპარლამენტის როლს და მნიშვნელობას, მისი მხარდაჭერის მნიშვნელობას. რა თქმა უნდა, როგორც საქართველოში, ასევე ევროკავშირში წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია საარჩევნო კონტექსტში. არის ევროპარლამენტის არჩევნები, ასევე არის საქართველოში საპარლამენტო არჩევნები. შესაბამისად მხარეები ისაუბრებენ აღნიშნულ თემატიკაზე და ხაზს გაუსვამენ მის მნიშვნელობას“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.