გლობალურ ბაზრებზე ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა -BBC

74
spot_img

გლობალურ ბაზრებზე ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება დატოვა და განაცხადა, რომ უკრაინის პორტებისკენ მიმავალ გემებს პოტენციურ სამხედრო სამიზნედ განიხილავს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„2023 წლის 20 ივლისს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან, შავ ზღვაზე უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება, როგორც სამხედრო ტვირთის პოტენციური გადამზიდავი, ის სახელმწიფოები კი, რომლის დროშის ქვეშაც ასეთი გემები იმოძრავებენ, ჩაითვლებიან უკრაინის კონფლიქტში, კიევის რეჟიმის მხარეს ჩართულ სახელმწიფოებად“, – განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ამ განცხადების შემდეგ, თეთრი სახლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთი სამოქალაქო გემებზე თავდასხმას და ამ თავდასხმაში უკრაინის დადანაშაულებას გეგმავს.

BBC-ის ცნობით, ერთი ტონა ხორბლის ფასი ევროპის საფონდო ბირჟაზე ოთხშაბათს, წინა დღესთან შედარებით, 8.2%-ით, 253.75 ევრომდე გაიზარდა, სიმინდის ფასზე კი 5.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

რუსეთმა გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით უკრაინასთან გაფორმებული შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც შავი ზღვის პორტების საშუალებით უკრაინული მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების უსაფრთხო ექსპორტის საშუალებას იძლეოდა, ორშაბათს დატოვა. რუსეთმა, შეთანხმების დატოვებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, უკრაინის პორტებზე თავდასხმები დაიწყო. უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის, მიკოლა სოლსკის განცხადებით, დარტყმების შედეგად 60 000 ტონა მარცვლეული გაანადგურა და მარცვლეულის ექსპორტის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი დააზიანა.რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ მოსკოვი დაუყოვნებლივ დაუბრუნდება მარცვლეულის შეთანხმებას, თუ მისი მოთხოვნები დაკმაყოფილდება. მოთხოვნებს შორისაა რუსეთის სოფლის მეურნეობის ბანკის გლობალურ გადახდის სისტემასთან, SWIFT-თან დაკავშირება.