„გირჩმა“ პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივა წარადგინა

19
spot_img

პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ მიერ პარლამენტში წარდგენილია პროექტი, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს.

„გირჩის“ მიერ “საარჩევნო კოდექსსა“ და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები უკვე რეგისტრირებულია და ის პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

„გირჩის“ პროექტის თანახმად, ყველა ის საკანონმდებლო ნორმა უქმდება, რომელიც სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ითხოვს.

როგორც ინიციატორები განმარტავენ, პოლიტიკური პარტიის მიზნებისთვის კვოტირების მექანიზმი გამოუსადეგარია. მათივე განცხადებით, გენდერული კვოტირების მექანიზმი წარმოადგენს შეზღუდვას როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე იმ სქესის წარმომადგენლებისთვის, ვისი გაძლიერების მოტივითაც აღნიშნული ნორმა შეიქმნა.

„სქესის მიხედვით პოლიტიკური პარტიის სიის ფორმირებას ლოგიკური შინაარსი არ გააჩნია. ასეთი ხელოვნური ჩარევით ქალების პოლიტიკაში ჩართულობა სერიოზულ სახეს ვერასოდეს მიიღებს.

კანონპროექტის მიზანია დაეხმაროს პოლიტიკით დაინტერესებულ ქალებს თავი დააღწიონ კვოტით გამოწვეულ რეპუტაციულ ზიანს. სქესის ნიშნით კვოტირება კიდევ უფრო აღრმავებს ქალების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს, რის გამოც ქალების სათანადო პოლიტიკურ მოთამაშეებად აღქმა რთულია.

კვოტები რომ ქალთა გაძლიერებას არ უკავშირდება ამას ბევრი ქვეყნის მაგალითი ამტკიცებს, მათ შორის არის რუანდა, ქვეყანა სადაც ქვედა პალატაში 80 ადგილიდან 49-ქალს უკავია, თუმცა ვერავინ იტყვის, რომ ამ ქვეყანაში ქალთა უფლებები სანიმუშოდ არის დაცული, განსხვავებით გერმანიისგან, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღება არაკონსტიტუციურად ცნო“, – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამავე პროექტით, პარტიებს ექნებათ უფლება, საარჩევნო სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა განსაზღვრონ არანაკლებ 30 წევრით, ნაცვლად 60-ისა.

პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: იაგო ხვიჩია, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი და ჰერმან საბო.

ცნობისთვის, მოქმედი კანონმდებლობით 2024 წლის 26 ოქტომბრისა და შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიების ყოველ ოთხეულში ერთი მაინც ქალი უნდა იყოს, ხოლო პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის – ქალი პარტიული სიის ყოველ სამეულში უნდა იყოს.