ეს წესი, რასაც საზოგადოებას და პარლამენტს ვთავაზობთ, ევროკავშირის უამრავ წევრ ქვეყანაში არის აპრობირებული, ახალ ველოსიპედს ჩვენ არ ვიგონებთ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების საკითხზე საუბრისას. „2024 წელს საქართველოში არჩევნები ჩატარდება ელექტრონული წესით, რაც ყველანაირ გაყალბებას გამორიცხავს. პრეზიდენტის უფლებამოსილება რჩება ფაქტობრივად იგივე სახით და ფორმით; მას ექნება ამ კომისიაში ერთი წევრის წარმოდგენის საშუალება. ეს წესი, რასაც საზოგადოებას და პარლამენტს ვთავაზობთ, ევროკავშირის უამრავ წევრ ქვეყანაში არის აპრობირებული, ახალ ველოსიპედს ჩვენ არ ვიგონებთ“, – აცხადებს გია ცაგარეიშვილი. პარლამენტი ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების განხილვას იწყებს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებს, 15 მაისის სხდომაზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. დაგეგმილი ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ასევე იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა.