ღია წერილი ჩემთვის იმის მაჩვენებელია, რომ ამ ზიზღის, დაშინებისა და შავი სიების ამოქმედების კამპანიაში თავად ირაკლი კობახიძე ჩაერთო – ფსკერზე ფსკერია, მეგობრებო, თქვენი წერილები, მოქმედებები და თქვენს პარპაშს აუცილებლად დაასრულებთ – თეონა აქუბარდია

12
spot_img

ფსკერზე ფსკერია, მეგობრებო, თქვენი წერილები, მოქმედებები და თქვენ ამ ქვეყანაში პარპაშს აუცილებლად დაასრულებთ – საქართველო რუსეთის ორბიტაზე მყოფი ქვეყანა არასდროს გახდება და ის აუცილებლად იბრძოლებს იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრი გავხდეთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წერილს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ეს წერილი მისთვის იმის მაჩვენებელია, რომ დაშინებისა და შავი სიების ამოქმედების კამპანიაში თავად ირაკლი კობახიძე ჩაერთო.

“ბიძინა ივანიშვილის პრემიერების ისტორიაში, რაც არცთუ ისე ცოტა იყო, ყველაზე სამარცხვინო ბოლო პრემიერად წოდებული კაცია [ირაკლი კობახიძე], რომელიც თავს უფლებას აძლევს დააბრალოს რევოლუციების მოწყობა ამერიკასა და ევროკავშირს ისე, რომ არცერთი მტკიცებულება, მათ შორის, მისი პროკურატურით არ აქვს, თავს უფლებას აძლევს შეურაცხყოფა მიაყენოს თავის ხალხს და ილიას უკან ამოეფაროს და საკუთარი ქვეყნის ახალგაზრდობას ბერბიჭაშვილი – ილიას მკვლელი უწოდოს. ეს არის ის ცინიზმი და ის ფსკერი, რომელიც საბოლოო ჯამში, ივანიშვილმა დაიმსახურა და მიიღო.

ერთი მხრივ, ეს ჩემთვის იმის მაჩვენებელია, რომ ამ ზიზღის კამპანიაში – დაშინებისა და შავი სიების ამოქმედების კამპანიაში თავად ირაკლი კობახიძე ჩაერთო. მეორე მხრივ, ეს აჩვენებს, იმ მძიმე ტრაგიკომედიურ მდგომარეობას, რომელშიც “ქართული ოცნება” არის, მათ შორის იმის მტკიცებით, რომ თითქოს მათ ყველაზე მაღალი IQ აქვთ და თითქოს ამ ქვეყნის მთავარი ინტელექტუალები არიან. ფსკერზე ფსკერია, მეგობრებო, თქვენი წერილები, მოქმედებები და თქვენ ამ ქვეყანაში პარპაშს აუცილებლად დაასრულებთ, იმიტომ, რომ საქართველო რუსეთის ორბიტაზე მყოფი ქვეყანა არასდროს გახდება და საქართველო აუცილებლად იბრძოლებს იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრი გავხდეთ,”- აღნიშნა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოაქვეყნა წერილი, სადაც ის წერს, რომ “გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს, აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა „ნაციონალები“ არიან”.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ „მესიჯს“, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, შეამოწმეს რესპონდენტების ინტელექტი, ანუ IQ და ისინი მაღალი, საშუალო და დაბალი ინტელექტის კატეგორიებად დაყვეს. კვლევით დადგინდა, რომ „ქართულ ოცნებას“ მარტში ამომრჩევლის 61,3 პროცენტი უჭერდა მხარს. ამასთან, მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში “ქართული ოცნების” მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში – მხოლოდ 45,6 პროცენტი.