ღაზის სექტორის ბავშვთა საავადმყოფოს ქვეშ „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრი აღმოაჩინეს

102
spot_img

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის ბავშვთა საავადმყოფოს ქვეშ „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრი აღმოაჩინეს. თავდაცვის ძალებში ვარაუდობენ, რომ მძევლებიც იქ იმყოფებოდნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, ისრაელის სამხედროებმა რეიდი განახორციელეს ღაზის ქალაქ რანტისის ჰოსპიტალში.

„საავადმყოფოს ქვეშ, სარდაფში ჩვენ ვიპოვეთ „ჰამასის“ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი, ჟილეტები, ყუმბარები, AK-47 ტიპის ავტომატები, ასაფეთქებელი მოწყობილობები და სხვა იარაღი“, – განაცხადა ჰაგარიმ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, ჰაგარიმ აღნიშნა, რომ, მათი ვარაუდით, „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლებიც იქ იმყოფებოდნენ.

„ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ ნიშნები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ „ჰამასს“ აქ მძევლები ჰყავდა“, – განაცხადა ჰაგარიმ და აღნიშნა, რომ ეს ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია.

ჰაგარიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ომი არის არა ღაზის მოსახლეობის, არამედ „ჰამასის“ წინააღდეგ.

„ჩვენი ომი არის „ჰამასის“ წინააღმდეგ და არა ღაზის მოსახლეობის წინააღმდეგ. განსაკუთრებით არ არის ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ. ჩვენი ომი არის „ჰამასის“ წინააღმდეგ, რომელიც მათ ადამიანთა ფარად იყენებს“, – აღნიშნა ჰაგარიმ.