“ღაზას სექტორში ისრაელის არმიასა და „ჰამასის“ ტერორისტებს შორის სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს” – ისრაელის თავდაცვის ძალები

114
spot_img

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს „ჰამასის“ ტერორისტებსა და ისრაელის არმიას შორის.

სამხედროების ცნობით, სახმელეთო და საჰაერო ძალებმა დაარტყეს ჰამასის რამდენიმე პოზიციას და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების რაზმს.

DF-ის ცნობით, ჯარებმა მოკლეს ათობით ტერორისტი დღევანდელი შეტაკების დროს.

გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის ცნობები ისრაელის მხრიდან შესაძლო მსხვერპლის შესახებ.

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.

„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.

მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.