გერმანიის მთავრობამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

40
spot_img

გერმანიის მთავრობამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ მინისტრთა კაბინეტმა შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეიზერის ინიციატივა დაამტკიცა.

გამოცემის ცნობით, ამ კანონპროექტის მიღების შედეგად, გერმანია საქართველოდან და მოლდოვადან თავშესაფრის მაძიებლების განცხადებებს დაჩქარებულად განიხილავს, რაც იმ ადამიანების სწრაფ დეპორტაციასაც გულისხმობს, რომლებსაც თავშესაფრის მიღებაზე უარს მიიღებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2022-2023 წლების პირველ ნახევარში აღნიშნული ქვეყნებიდან განცხადებების 99.9% უარყოფილია – მათი თქმით, გასულ წელს გერმანიაში თავშესაფარი 8 865-მა ქართველმა, ხოლო მოლდოვიდან 5 218-მა მოქალაქემ მოითხოვა.

მედიის ინფორმაციით, გერმანიამ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი საქართველოს და მოლდოვას იმის საფუძველზე მიანიჭა, რომ არცერთ ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფო დევნის შიში და სახელმწიფო თავის მოქალაქეებს იცავს. შოლცის მთავრობა მიმდინარე წელს ცდილობდა გაეადვილებინა გამოცდილი მიგრანტებისთვის გერმანიის მოქალაქეობის მიღება, რათა ქვეყანაში მუშახელის ქრონიკული დეფიციტი შემსუბუქებულიყო.

აღსანიშნავია, რომ ლტოლვილთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ PRO Asyl გააკრიტიკა საქართველოსა და მოლდოვის მთავრობის ნაბიჯები და განაცხადა, რომ ის უგულებელყოფს ფაქტს, რომ რუსეთი ორივე ქვეყანაში სეპარატისტულ რეგიონებს იკავებს რაც არსებულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ორგანიზაციამ ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ LGBTIQ+ უფლებების შეფერხებისა და პრესის თავისუფლების საკითხები კანონის უზენაესობის ფარგლებში იქნას განხილული.