გერმანიის კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ ამ სახით კანონს საქართველოში არ მიიღებთო, ისევე როგორც თქვა ევროკავშირზეც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მდინარაძის შეფასებით, გერმანიის კანცლერს აქვს თავისი პოზიცია, ის დაუპირისპირდა ევროკავშირის ინიციატივასაც.
„გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ მსგავსი კანონი არ არსებობს, მსგავსი არც ჩვენთან არ არსებობს. არსებობს ასეთი კანონი ჩვენთან? ხომ არ არსებობს, ასევე არ არსებობს ევროკავშირში. იქაც დაინიცირებულია, ჩვენთანაც დაინიცირებულია, ჯერ არ არსებობს ასეთი კანონი. ეს თქვა გერმანიის კანცლერმაც. მან, სხვათა შორის, იმედი გამოთქვა, რომ არ მიიღებთო თქვენ ამ სახით საქართველოშიო, ისევე როგორც თქვა ევროკავშირზეც. გერმანიის კანცლერს თავისი აზრი აქვს და ის კაცი დაუპირისპირდა ევროკავშირის ინიციატივას და დირექტივას იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა დარეგულირდეს ეს და მსგავსი სფერო. ამ სფეროს რეგულირების ევროპისეულ ვერსიასაც შეეწინააღმდეგა, იმედი მაქვს, აქაც არ მიიღებენო, მსგავსი სიტყვები თქვა. ანუ, მას აქვს თავისი პოზიცია, არ მოსწონს, როგორც ჩანს, არც ევროდირექტივა, არც ქართული, ეს მისი საქმეა“, – განაცხადა მდინარაძემ.