“გავაგრძელებთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკის საქმეს” – ირაკლი კობახიძე კარასინის განცხადებაზე

70
spot_img

განცხადებების მიუხედავად, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკის საქმეს, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ.სუვერენიტეტის აღიარებაზე.

კობახიძის თქმით, საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია წარმატებული არაღიარების პოლიტიკის წარმოება.

„ასეთი განცხადებები ჩვენ მოგვისმენია. ჩვენთვის მთავარი არის, რომ საქართველო, მთელი ამ წლების განმავლობაში წარმატებით ახორციელებს არაღიარების პოლიტიკას და სწორედ ჩვენი ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკის შედეგია ის, რომ არცერთი ერთეულით არ გაზრდილა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც აღიარებული აქვთ ე.წ. დამოუკიდებლობა. ჩვენ, განცხადებების მიუხედავად, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკის საქმეს. ჩვენ ასეთი განცხადებები მოგვისმენია, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა არაღიარების კუთხით ყველაფრის მიუხედავად წარმატებული იყო“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, იმ ფონზე, როდესაც ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე იყო საუბარი, რატომ შემოიტანეს ეს თემა რუსეთიდან, კობახიძე ასე პასუხობს:

„არ ვიცი, მე არ მინდა საერთოდ ამ თემას ჩავუღრმავდე. რა თქმა უნდა, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არის ძალიან დიდი მიღწევა და რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს ჩინეთთან ყველა მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია წარმატებული არაღიარების პოლიტიკის წარმოება. ორივე მიმართულებით ძალიან აქტიურები ვიქნებით და რა თქმა უნდა, ვერავითარი განცხადებები ამაში ხელს ვერ შეგვიშლის“, – განაცხადა კობახიძემ.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ „სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი სხვა ქვეყნებმაც აღიარონ, მათ შორის ინდოეთმა და ჩინეთმა“. აღნიშნული განცხადება კარასინმა Sputnik Южная Осетия-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მისივე თქმით, ეს რთული საკითხია, რადგან ამ იდეასთან დაკავშირებით დასავლეთს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს აღიარება მოხდება.

„რუსეთი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების წინ წაწევისკენ მიმართულ მუშაობას გააგრძელებს“, – განაცხადა კარასინმა.