“ძალიან რთულია ქართულ პოლიტიკაში შავი ფულის კონტროლი”

65
spot_img

არავითარი განსაკუთრებული ინტერესი არ გვქონდა, რომ პარტიების ფინანსების კონტროლის ფუნქცია ერთი უწყებიდან მეორეში გადასულიყო – ევროკომისიის რეკომენდაციებს გავყევით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც პარტიების ფინანსების კონტროლის ფუნქციის აუდიტის სამსახურიდან ანტიკორუფციულ ბიუროში გადატანას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ქართულ პოლიტიკაში შავი ფულის კონტროლი რთულია, ამას ვერ ახერხებდა აუდიტის სამსახური და სავარაუდოდ, იგივე პრაქტიკა გაგრძელდება ანტიკორუფციულ სამსახურშიც.

„თავის დროზე ევროკავშირის რეკომენდაცია იყო, ანტიკორუფციულ სამსახურში მომხდარიყო ანტიკორუფციული ფუნქციების თავმოყრა, ერთ-ერთი ასეთი ფუნქციაა პარტიების ფინანსების კონტროლი, სწორედ ამის გამო, ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად გადავიდა ეს ფუნქცია აუდიტის სამსახურიდან ანტიკორუფციულ სამსახურში. ეს იყო ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ მომხდარიყო ანტიკორუფციული ფუნქციების თავმოყრა ახალ სამსახურში. ჩვენ საერთოდ არ ვაპირებდით ამ ფუნქციის სადმე გადატანას.

კონსტიტუციასთან თავსებადობა იყო ეჭვქვეშ, როცა აუდიტის სამსახურში იყო ეს ფუნქცია, რადგან მითითებულია კონსტიტუციაში, რომ სახელმწიფო სახსრებს მეთვალყურეობს აუდიტის სამსახური და არა პარტიულს სახსრებს. ამიტომ კონსტიტუციასთან თავსებადობის საკითხი იდგა, რაზეც ვენეციის კომისიაც საუბრობდა თავის დროზე, რომ ეს ფუნქცია აუდიტიდან სადღაც სხვაგან წასულიყო, ამას დაემატა ევროკავშირის რეკომენდაცია, რომ მომხდარიყო ფუნქციების თავმოყრა ახალ სამსახურში, ჩვენ გავყევით ევროკომისიის რეკომენდაციას, არავითარი განსაკუთრებული ინტერესი არ გვქონდა, რომ ეს ფუნქცია ერთი უწყებიდან მეორეში გადასულიყო. აუდიტის სამსახურზე პრეტენზიები ნაკლებად იყო, მე არ მახსენდება პრეტენზიები, მიუხედავად იმისა, რომ დაუჯარიმებია არაერთი პარტია, მგონი, ჩვენც შეგვეხო რამდენიმე ჯარიმა ამ წლების განმავლობაში, შემოწირულებების და ხარჯების გამო, არის ხოლმე მათ შორის, ტექნიკური და არატექნიკური ხარვეზები. თუმცა, პრეტენზიები დიდად არ ყოფილა აუდიტის სამსახურის მიმართ. საერთო პრობლემა რაც იკვეთებოდა (რაც აუდიტის სამსახურის ბრალი არ იყო) იყო ის, რომ საქართველოში ვერ ხერხდებოდა შავი ფულის კონტროლი, როგორც არჩევნების დროს, ისე, ზოგადად, პოლიტიკაში. არიან ოლიგარქები, რომლებიც ღიად აფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებს, აღიარება აქვთ ამასთან დაკავშირებით გაკეთებული, მაგრამ ეს ფული არსად ჩანს, ერთი მხრივ, აუდიტის სამსახურის საქმიანობა არ იყო პრეტენზიების საგანი, მაგრამ მისი საქმიანობით, არა მისი ბრალეულობით, წარმატებულად ვერ ხერხდებოდა პოლიტიკური ფულის კონტროლი. მგონია, რომ იგივე პრაქტიკა გაგრძელდება ანტიკორუფციული სამსახურის შემთხვევაშიც, ძალიან რთულია შავი ფულის კონტროლი ქართულ პოლიტიკაში”, – განაცხადა კობახიძემ.