“გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს, ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას” – იულია ნავალნაია

20
spot_img

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც პირობა დადო, რომ ქმრის საქმეს გაგრძელებს.

„მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს. გავაგრძელებ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას. მოგიწოდებთ თქვენ, დადგეთ ჩემ გვერდით, გაიზიაროთ არა მხოლოდ უბედურება და უსასრულო ტკივილი, რომელმაც მოგვიცვა და არ გვტოვებს. მე გთხოვთ, გაიზიაროთ ჩემთან ერთად მრისხანება. მრისხანება, ბრაზი, სიძულვილი მათ მიმართ, ვინც გაბედა ჩვენი მომავლის მოკვლა. არ არის სირცხვილი ცოტას გაკეთება, სირცხვილია არაფრის კეთება, სირცხვილია, მისცე საკუთარი თავის შეშინების საშუალება“, – განაცხადა ნიულია ნავალნაიამ.

მისი თქმით, ალექსეი ნავალნის უყვარდა რუსეთი და სწორედ ამიტომ დაბრუნდა ქვეყანაში მისი სიცოცხლისთვის იქ არსებული საფრთხის მიუხედავად. ნავალნაიას განცხადებით, საჭიროა ომისა და კორუფციის წინააღმდეგ და სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლა.

„რუსეთი, თავისუფალი, მშვიდობიანი, ბედნიერი, მომავლის მშვენიერი რუსეთი, რომელზეც ასე ოცნებობდა ჩემი ქმარი, აი, რა გვჭირდება. მინდა, ვიცხოვრო ასეთ რუსეთში, მინდა, რომ ასეთ ქვეყანაში ცხოვრობდნენ ჩემი და ალექსეის შვილები. მინდა, თქვენთან ერთად ავაშენოთ ის, სწორედ ისეთი, როგორიც წარმოედგინა ალექსეი ნავალნის – ღირსებით, სამართლიანობით და სიყვარულით სავსე“, – განაცხადა ნავალნაიამ.

მისი თქმით, ალექსეი ნავალნი კოლონიაში სამწლიანი წამებისა და ტანჯვის შედეგად გარდაიცვალა. როგორც ნავალნაიამ აღნიშნა, პუტინმა ვერ გატეხა პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნი და სწორედ ამიტომ მოკლა იგი. იულია ნავალნაის განცხადებით, ოჯახს ნავალნის ცხედარს არ ატანენ და ელოდებიან, როდის გავა „პუტინის მორიგი ნოვიჩოკის კვალი“.

„ჩვენ ვიცით, კონკრეტულად რის გამო მოკლეს ალექსეი სამი დღის წინ. ჩვენ მალე მოგიყვებით ამის შესახებ. აუცილებლად მოგიყვებით იმაზეც, ზუსტად ვინ და როგორ შეასრულა ეს დანაშაული. ჩვენ დავასახელებთ გვარებს და ვაჩვენებთ სახეებს. თუმცა მთავარია, რისი გაკეთება შეგვიძლია ალექსეისთვის და ჩვენთვის, ეს არის ბრძოლის გაგრძელება“, – განაცხადა გარდაცვლილი პოლიტიკოსის მეუღლემ.