ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების განმტკიცება. გასულ წელს სომხეთთან სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ზოგადად, სომხეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
„სომხეთი არის მეზობელი ქვეყანა და მათთან ბოლო ვიზიტის დროს გაფორმებული გვაქვს სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება და ის ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია საქართველოსი. შესაბამისად, ეკონომიკური კავშირების გაღრმავება-განმტკიცება ორი ქვეყნის ამოცანაა. ეს ორივე ქვეყნის ინტერესში შედის და რა თქმა უნდა, პოლიტიკურ კავშირებსაც კიდევ უფრო ახლოს ხდის, კიდევ უფრო განამტკიცებს. ჩვენ გვქონდა საუბარი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, სავაჭრო ურთიერთობები მიმოვიხილეთ. გასულ წელს სომხეთთან სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა და ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი იყო. ვისაუბრეთ იმ პოტენციალზე, რომელიც ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით არსებობს. ეს არის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის არის კონკრეტული დარგები. ესაა ენერგეტიკის სფერო, კავშირგაბმულობის სფერო, ვისაუბრეთ ტრანსპორტის მიმართულებით თანამშრომლობაზე, სადაც ჩვენ ყოველთვის მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატი გვაქვს. ასევე, ვისაუბრეთ ახალ შესაძლებლობებზე. საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესი რა თქმა უნდა, სომხეთისთვისაც საინტერესოა, ახალ შესაძლებლობებს აჩენს საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით და ასევე, ძალიან მნიშვნელოვან ბაზარზე წვდომის კუთხით. შევეხეთ ასევე ტურისტულ მიმართულებას. საქართველო სომეხი ტურისტებისთვის ერთ-ერთი საინტერესო და საყვარელი დანიშნულების ადგილია. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ნაკადი, ეს დინამიკა, მზარდი დინამიკა ტურისტული სფეროში თანამშრომლობის შევინარჩუნოთ და ამაზე იყო საუბარი სხვადასხვა გაფართოებულ ფორმატში“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.