გასულ 10 თვეში, „ქართულმა ოცნებამ“, „ლელომ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გიორგი გახარიას პარტიამ ჯამში, 3 790 000 ლარზე მეტი შემოწირულობა მიიღეს

78
spot_img

საპარლამენტო პარტიების ნაწილმა, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ჯამში, 3 795 850.42 ლარის შემოწირულობა მიიღო.

კერძოდ, საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტი შემოწირულობა, 2 575 000 ლარი „ქართულ ოცნებას“ აქვს მიღებული. შემომწირველებს შორისაა თამაზ თამაზაშვილი, რომელმაც პარტიას 10 ათასი ლარი შესწირა.

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ 2023 წლის 10 თვეში 691 275 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო. შემომწირველებს შორის არიან პარტიის დამფუძნებლები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, რომლებმაც პარტიას, შესაბამისად, 60-58 ათასი ლარი შესწირეს.

რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემოწირულობას, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, პარტიამ 504 115 ლარის შემოწირულობა მიიღო. შემომწირველებს შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, რომელმაც პარტიას ჯამში, 56 ათასი ლარი გადაურიცხა. ასევე, პარლამენტის დეპუტატი გიორგი ბოტკოველი, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ 5 ათასი ლარი შესწირა.

რაც შეეხება პარტიას „საქართველოსთვის“, მას მიმდინარე წლის, 10 თვეში 13 455.42 ლარის შემოწირულობა აქვს მიღებული. შემომწირველებს შორის არიან: ბერდია სიჭინავა და ანა ბუჩუკური.

საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ „ევროპელმა სოციალისტებმა“ კი 10 თვეში 12 005 ლარის შემოწირულობა მიიღო.

საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2023 წლის პირველ 10 თვეში, ორ საპარლამენტო პარტიას, „მოქალაქეებსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შემოწირულობა არ მიუღიათ.