გაქცეული პატიმრების საქმეზე დაკავებულთა წრე ფართოვდება

107
spot_img

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით მძიმე დანაშაულის, მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევის შეუტყობინებლობისათვის (სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილი) ერთი პირი დააკავა.

გავრცელებული ცნობით, დაკავებულია მსჯავრდებულის, გუჯა თათარაშვილის ოჯახის წევრი .დაკავებულისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისში, „ავერსის“ კლინიკის ტერიტორიაზე მყოფი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებიდან გაქცეული მსჯავრდებულები მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში იმყოფებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მათთან კომუნიკაციის შედეგად მისთვის ცნობილი გახდა, რომ ამ მსჯავრდებულებს ჩადენილი ჰქონდათ მძიმე დანაშაული, მან ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

1-ელ ნოემბერს თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევებზე მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა. 2 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია. პროკურატურამ ბადრაგირებისას მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევის ფაქტზე საბადრაგო ჯგუფის უფროსს ბრალდება წარუდგინა.

დაცვის მხარე ივერი ნატრიაშვილის 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე დავით კურტანიძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

პროკურატურის მტკიცებით ბრალდებულმა სათანადო ყურადღება არ მიაქცია საბადრაგო ავტომობილში მყოფ მსჯავრდებულებს, რითაც ისარგებლეს და გაქცევა მოახერხეს.