“განვიხილავთ ვენეციის კომისიის თითოეულ რეკომენდაციას და ჩვენი არგუმენტირებული ნაბიჯები გვექნება” – არჩილ თალაკვაძე

82
spot_img

განვიხილავთ ვენეციის კომისიის თითოეულ რეკომენდაციას და ჩვენი არგუმენტირებული ნაბიჯები გვექნება – ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობას განვაგრძობთ, ასევე განვაგრძობთ რეფორმებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის, მართლმსაჯულების და ეკონომიკის გაუმჯობესებისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ სასამართლოს რეფორმაზე ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „საქართველოს დღეს ბევრად უფრო თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული სასამართლო აქვს, ვიდრე 10 წლის წინ და ეს ვერ მოხდებოდა, ხელისუფლების მხარდაჭერით რეფორმები რომ არ გატარებულიყო“.

„დღეს რომ სასამართლო სისტემა შეუდარებლად უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელია, ეს ჩანს მონაცემებში, საერთაშორისო ინდიკატორებსა და მიმდინარე სტატისტიკაში, სადაც არის ბალანსი მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის მოგებულ დავებში, სადაც ყველა რეზონანსულ, მაღალი ინტერესის საქმეზე ჩვენი, ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სტრასბურგმა პრაქტიკულად დაადასტურა. არაერთი ასეთი საქმეა, რომლის გამოც სასამართლოს წლების განმავლობაში სრულიად უსამართლოდ აკრიტიკებდნენ და შემდეგ ბოდიში არ მოუხდია სასამართლო სისტემის არცერთ ოპონენტს, ამიტომ, უპირველესად მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს პროგრესი. მოხდეს ამ მიღწევების ინსტიტუციონალიზაცია და ასევე, არ დავუშვათ პოლიტიკური ჩარევა სასამართლო სისტემაში, რისი მცდელობებიც ჩვენი ოპოზიციის მხრიდან არაერთხელ იყო. რაც შეეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, როგორც ყოველთვის ჩვენ მას, რა თქმა უნდა, სერიოზულად, დიდი ინტერესით და ყურადღებით მოვეკიდებით, განვიხილავთ თითოეულ რეკომენდაციას და ჩვენი არგუმენტირებული ნაბიჯები ამასთან დაკავშირებით გვექნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, რეფორმებზე დისკუსია ვენეციის კომისიის სამუშაო პროცესია.

„რეფორმებზე დისკუსია, ვენეციის კომისიის სამუშაო პროცესია ყველა ქვეყანასთან, არა მხოლოდ საქართველოსთან. ამიტომ ამას ჩვენ ვხედავთ როგორც საქმიან, სამუშაო პროცესს. ყურადღებით და პასუხისმგებლობით ვეკიდებით და განვაგრძობთ ჩვენი მართლმსაჯულების გაუმჯობესებას“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიამ საქართველოს სასამართლო რეფორმის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია მიესალმება 2023 წლის ივნისში მიღებულ ზოგიერთ შესწორებას, ისევე როგორც 2023 წლის სექტემბრის ცვლილებებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ წინა რეკომენდაციების ნაწილი ჯერ არ შესრულებულა, მათ შორის, ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, აუცილებელია შესრულდეს პირველი ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას გულისხმობს, რომლის მსგავსი მოთხოვნა აქვს ევროკავშირის კომისიასაც თავის დასკვნაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ. ასევე დასკვნის თანახმად, მეორე რეკომენდაცია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა გადაყვანის უფლებამოსილების შეზღუდვას ეხება, რჩება შეუსრულებლად.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მესამე რეკომენდაცია, რომელიც მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის გადახედვას ითვალისწინებდა, შესრულებულია. მეოთხე და მეხუთე რეკომენდაციები კი, რომლებიც მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხიმგებლობას ეხება, ნაწილობრივ შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს.