ჩვენ განვაგრძობთ ისრაელის გვერდით დგომას, რათა უზრუნველვყოთ, რომ 7 ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თელ ავივში ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ბლინკენი განმარტავს, შეერთებული შტატები მუშაობს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ მიმავალი გზის გასამაგრებლად.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია, უფრო ფართო კონფლიქტი არავის ინტერესში არ შედის. მისივე თქმით, ყველგან, სადაც ის ჩადიოდა ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში, ლიდერები ხაზს უსვამდნენ შეშფოთებას კონფლიქტის გავრცელების გამო და პირობას დებდნენ, რომ გამოიყენებდნენ თავიანთ გავლენას ომის ესკალაციის შესაჩერებლად.
ბლინკენის განცხადებით, ლიდერებმა ასევე გამოხატეს შეშფოთება „მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობისა და ღაზაში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობის გამო”.
„ღაზაში მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლთა ყოველდღიური რაოდენობა, განსაკუთრებით ბავშვების, ძალიან მაღალია. ჩვენ გვინდა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ომმა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ძალიან ბევრი ტანჯვა მოიტანა, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ისრაელმა მიაღწიოს თავის ძალიან ლეგიტიმურ მიზნებს, რათა უზრუნველყოს, რომ 7 ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდეს”, – განაცხადა ბლინკენმა.
ენტონი ბლინკენის თქმით, ისრაელის ლიდერებთან შეხვედრაზე მან ხაზი გაუსვა, რომ პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას უნდა შეეძლოს სახლში დაბრუნება, როგორც კი ამის საშუალება იქნება და რომ მათ არ უნდა აიძულონ, დატოვონ ღაზა.
„გვჯერა, ისრაელის მთავრობასაც სჯერა, რომ დიპლომატიური გზა არის საუკეთესო გზა უსაფრთხოების მისაღწევად და ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ განვაგრძობთ“, – დასძინა ენტონი ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა ისიც, რომ ისრაელის მიმართ გენოციდის ბრალდება უსაფუძვლოა.