“განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მესიჯი გაახმოვანა დღეს ირაკლი კობახიძემ – ჩვენი მომავალი თაობა უნდა იყოს განათლებული, ამაყი და პატრიოტი”

11
spot_img

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მესიჯი გაახმოვანა დღეს ირაკლი კობახიძემ იმის შესახებ, რომ ჩვენი მიზანი არის არამხოლოდ განათლების დონის ამაღლება, არამედ უნდა მივიღოთ მომავლი თაობა, რომელიც იქნება განათლებული, ამაყი და პატრიოტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ჩვენ ყველა შვილი პატრიოტული სულისკვეთებით უნდა აღვზარდოთ, რომ თითოეული მათგანი იყოს დარწმუნებული იმაში, რომ მისი ვალდებულებაა, ქართული საოცნებო სახელმწიფოს მშენებლობაში, პატრიოტული სულისკვეთების შენარჩუნებაში და ეროვნული იდენტობის გადარჩენაში მონაწილეობა მიიღოს. ეს ინიციატივა ამ ყველაფრიდან გამომდინარე ერთიორად დასაფასებელია“, – აღნიშნა მან.

მდინარაძე ასევე გამოეხმაურა პრემიერის მიერ ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ დღეს გაკეთებულ განცხადებას.

„ჩვენ შარშან მივიღეთ კანონი, რომელიც ანაზღაურებად სტაჟირებას გულისხმობდა. „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთი კლასტერის წარმომადგენელი, ჩვენი კანონის შემდეგ საჯარო სივრცეში ჰპირდებოდა ახალგაზრდებს ამ კანონის მიღებას. ან მართლა არ იცოდნენ პარლამენტმა რა კანონი მიიღო, ან ძალიან თავხედობდნენ პიარულად. ამას ჭირდება რეალიზება და დაახლოებით 3000 სტუდენტი, ყველაზე წარჩინებული სტუდენტები მიიღებენ შრომის ანაზღაურებს, თან გაივლიან სტაჟირებას, რაც მიეხმარება მათ პრაქტიკის, გამოცდილების შეძენაში. ეს იქნება განგრძობითი. ეს იქნება საპილოტე ვერსია, პრაქტიკაში გამოჩნდება ხარვეზებიც, პოზიტიური მხარეებიც და კიდევ უფრო დაიხვეწება. ეს იქნება მასობრივი ღონისძიება, რაც შეუწყობს ხელს ჩვენი ახალგაზრდებისთვის მეტი ცოდნის და გამოცდილების მიღებას“, – აღნიშნა მდინარაძემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დიდხნიანი მუშაობის შედეგად, მოამზადა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნას, რათა სკოლამ აღზარდოს ღირსეული მოქალაქე.

გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების ანაზღაურებადი სტაჟირება საპილოტე რეჟიმში წელსვე დაიწყება.