განათლების მინისტრის განცხადებით, სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ პროფესიულ განათლებას დაეუფლონ

56
spot_img

მალე სკოლებს არჩევით სავალდებულო ნაწილად, სრულიად ახალ კონცეფციას შევთავაზებთ. საშუალო საფეხურზე არჩევითი, თუმცა ზოგადი განათლებისთვის სავალდებულო [პროფესიული განათლების] რამდენიმე მიმართულება იქნება, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა სკოლებში პროფესიული განათლების დანერგვის შესახებ პრეზენტაციის წარდგენისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ბავშვებს ზოგადი განათლების აუცილებელი საგნების გავლის პარალელურად, შესაძლებლობა ექნებათ, რომ პროფესიულ განათლებას დაეუფლონ რის შემდეგაც, შრომის ბაზარზე დასაქმებას შეძლებენ.

„რამდენიც არ უნდა დავხარჯოთ ჩვენი შესაძლებლობის ბიუჯეტიდან გამომდინარე, ძალიან რთული იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის დაფარვა. ეს, პრაქტიკულად, რამდენიმე ათწლეული გაგრძელდება, ეს ერთი საკითხი. მეორე, რა თქმა უნდა, პროფესიული განათლების ის შინაარსობრივი, ასე ვთქვათ, დაკნინება, პრესტიჟიც, რომელიც დღეს საზოგადოებაშია, ვერანაირი კარგი მარკეტინგული თუ საკომუნიკაციო კამპანიებით ვერ „ამოიქაჩება“, თუ ჩვენ თავიდანვე, ადრეული ასაკიდანვე შინაარსობრივად პროფესიული განათლების დანერგვას არ დავიწყებთ სკოლებში. სწორედ ამ მიზნით, როგორც საბაზო საფეხურზე და განსაკუთრებით საშუალო საფეხურზე, მე-10-12 კლასებში, მალე სკოლებს არჩევით სავალდებულო ნაწილად, სრულიად ახალ კონცეფციას შევთავაზებთ. საშუალო საფეხურზე არჩევითი, თუმცა ზოგადი განათლებისთვის სავალდებულო რამდენიმე მიმართულება იქნება. სკოლებში ე.წ. ინტეგრირებულ პროგრამებს დავნერგავთ, რაც ნიშნავს, რომ ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე, მე-10 კლასიდან, შესაძლებლობა ექნებათ, ბუნებრივია, სკოლის საგნებთან ერთად, [პროფესიული მიმართულება] აირჩიონ. არ უნდა აგვერიოს, რომ ვინ რაიმე ფორმით ჩამორჩება ზოგადი განათლების იმ საგნებს, რომლებიც აუცილებელია. [მათ] პარალელურად ერთ კონკრეტულ პროფესიას დაეუფლება და სკოლის დამთავრებისთანავე, შესაძლებლობა ექნება, შრომის ბაზარზე დასაქმდეს, თავისი მცირე ბიზნესი წამოიწყოს ან სურვილისამებრ, გააგრძელოს პროფესიული განათლების მიმართულებით ან რა თქმა უნდა უმაღლესი განათლების მიმართულებით მოღვაწეობა. ეს არის ყველაზე დიდი სიახლე და ინოვაცია სკოლებში. თქვენ იცით, რომ 2100 სკოლა გვაქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბუნებრივია ამას გარკვეული დრო დასჭირდება მაგრამ 2024 წლიდან პირველ ყველაზე დიდ, ძლიერ საპილოტე სკოლებს შევარჩევთ, სადაც ეს პროცესი დაიწყება და ვფიქრობთ, ეს ფრონტი რამდენიმე წელიწადში მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიშლება. საბოლოოდ, ყველა სკოლაში პროფესიულ განათლებას, განახლებულ პროგრამებს, კვალიფიკაციებს, ახალ პრიორიტეტებს და ახალ დაფინანსების მოდელს მივიღებთ. რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი და რგოლი ეს კერძო სექტორია, ბიზნესი და დამსაქმებლები, რომლებსაც ვფიქრობ, შევთავაზეთ და ვთავაზობთ ახალ, ინოვაციურ, სწორ მიდგომას, რომელიც ღიაობის და თანასწორობის საფუძვლებს ეფუძნება. ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ერთად, თქვენი სურვილის და დაინტერესების შემთხვევაში, არამხოლოდ მხარდამჭერი, არამედ ინვესტორიც გავხდეთ“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.